Thumbnail

რუსეთში COVID-19-ის ვაქცინა მისი ტესტირების დასრულებამდე დაარეგისტრირეს

რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მისი კლინიკური ტესტირების მესამე ფაზის დასრულებამდე დაარეგისტრირეს. ქვეყანაში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები პრეპარატის სრულფასოვან გამოცდამდე ამ პროცედურის გადავადებას ითხოვდნენ, თუმცა ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა მათი შეშფოთება არ გაითვალისწინა.

მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრირების შესახებ ინფორმაცია თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაავრცელა. მისი თქმით, რუსული პრეპარატი უსაფრთხოა და გრძელვადიანი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს

"ვაქცინა ჩემმა ქალიშვილმაც გაიკეთა. პირველი ინიექციის შემდეგ, მას ტემპერატურამ 38 გრადუსამდე აუწია, თუმცა მომდევნო დღეს უკვე 37-ზე ოდნავ მაღალი სიცხე ჰქონდა", - განაცხადა პუტინმა ქვეყნის მთავრობის სხდომაზე.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფოტოსურათები გაავრცელა. წითელი და ლურჯი თავსახურის მქონე ამპულები პრეპარატის პირველი და მეორე ინიექციისთვისაა განკუთვნილი.

ვექტორული ორკომპონენტიანი ვაქცინა ადამიანის ადენოვირუსის საფუძველზეა შექმნილი და COVID-19-ის კომპონენტებს არ შეიცავს. რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურის უფროსის მოადგილის, ვალენტინა კოსენკოს თქმით, ის უკვე რამდენიმე ასეულ მოხალისეზე გამოცადეს, რის შემდეგაც არასასურველი რეაქცია არ დაფიქსირებულა. თუმცა, ფარმაცევტული კომპანიები მიიჩნევენ, რომ იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო არაერთი პოტენციური ვაქცინაა შექმნილი და მათგან რამდენიმე ათასობით ადამიანის მონაწილეობით იტესტება, რუსული პრეპარატის რეგისტრაციის ფორსირება დაუშვებელია.

"ვაქცინის სწრაფი რეგისტრაცია რუსეთს ამ რბოლაში ლიდერად ვერ გადააქცევს და გაუმართებელ საფრთხეს შეუქმნის მის საბოლოო მომხმარებლებს, რუსეთის მოქალაქეებს", - ვკითხულობთ კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტის, მიხაილ მურაშკოს თქმით, ვაქცინა ინიექციისთვის განკუთვნილი ხსნარის სახითაა რეგისტრირებული. მას გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრი და კომპანია "ბინნოფარმი" აწარმოებს. პირველები პრეპარატს მედიკოსები და მასწავლებლები მიიღებენ, რომელთა ვაქცინაცია აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში დაიწყება, გაყიდვაში კი ის 2021 წლის 1 იანვარს ჩაეშვება.

► რუსი ჰაკერები COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე ორგანიზაციებს უტევენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი დაწესებულება მუშაობს. ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი პრეპარატი ამჟამად გამოცდის მესამე, ყველაზე ფართომასშტაბიან ეტაპს გადის, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის 30 ათასი მოქალაქე იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება წარმატებით დასრულდება, mRNA-1273-ის სახელით ცნობილი ვაქცინა საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. გამოცდის ეტაპზეა ასევე ამერიკული კომპანია Inovio-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტის მიერ შექმნილი პრეპარატები.

კომენტარები

ბოლო ამბები