Thumbnail

ჯუჯა პლანეტა ცერერაზე მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მზის სისტემაში მდებარე ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა ცერერაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყინულით დაფარულ უსიცოცხლო კლდოვან ობიექტად მიიჩნეოდა, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერების ჯგუფმა მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინა. გამოცემებში Nature Astronomy, Nature Geoscience და Nature Communications გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელში მდებარე ციური სხეული ზედაპირის ქვეშ მლაშე წყლის უზარმაზარ მარაგს შეიცავს.

► ასტრონომებმა, სავარაუდოდ, 33 წლის ვარსკვლავი აღმოაჩინეს

მკვლევრებმა ცერერაზე დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ მეტეორის დაცემის შედეგად წარმოქმნილი კრატერი ოკატორი შეისწავლეს. ამისთვის მათ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტოს (NASA) მიერ ჯუჯა პლანეტაზე დასაკვირვებლად გაშვებული ზონდის, Down-ის მიერ 2018 წელს 35 კილომეტრის მანძილიდან გადაღებული მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათები გამოიყენეს.

ცერერას კრატერში დალექილი მარილის კრისტალების გამოსახულება NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა გადაიღო.
ფოტო: NASA 

ინფრაწითელი გამოსახულებების ანალიზისას, მეცნიერებმა ოკატორის ტერიტორიაზე ჰიდროჰალიტი აღმოაჩინეს - მინერალი, რომელსაც ზღვის ყინული შეიცავს და რომელიც ამ დრომდე დედამიწის გარდა არსად დაუფიქსირებიათ. მკვლევართა თქმით, ეს ცერერაზე მლაშე წყლით სავსე მიწისქვეშა ოკეანის არსებობას ადასტურებს. მათი განმარტებით, კრატერში მარილის კრისტალები ბოლო ორი მილიონი წლის განმავლობაში უნდა დალექილიყო. ეს კოსმოსური მასშტაბით ძალზე მცირე დროა, რის გამოც, შესაძლოა, სითხე პლანეტის ზედაპირზე ჯერ კიდევ ჟონავდეს.

► მეცნიერებმა მარსზე არხების წარმოქმნის ახალი მიზეზი დაასახელეს

ცერერა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ 1801 წელს აღმოაჩინა. თავდაპირველად მეცნიერები მას მზის სისტემის პლანეტად მიიჩნევდნენ, შემდეგ ასტეროიდების კატეგორიას მიაკუთვნეს, 2006 წელს კი, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (UAI) გადაწყვეტილებით, ის ჯუჯა პლანეტად კატეგორიზდა. ახალი კვლევების საფუძველზე, ის წყლის მარაგით მდიდარი ციური სხეულების - მთვარეები ევროპა, განიმედე, კალისტო, ენცელადუსი, ტიტანი, მიმასი და ჯუჯა პლანეტა პლუტონი - რიგებს შეურთდება.

კომენტარები

ბოლო ამბები