Thumbnail

არქტიკაში არსებული ზღვის ყინული 2035 წლისთვის, შესაძლოა, მთლიანად დადნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ბრიტანულ კვლევით ორგანიზაციაში British Antarctic Survey (BAS) მომუშავე მეცნიერების განცხადებით, არქტიკაში არსებული ზღვის ყინული 2035 წლისთვის, შესაძლოა, მთლიანად დადნეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Climate Change გამოქვეყნდა.

კანადაში მდებარე შელფურ მყინვარს უზარმაზარი აისბერგები გამოეყო

იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია არქტიკაში ზღვის ყინულის გაქრობა ჯერ კიდევ გამყინვარებათშორის ეპოქაში - დაახლოებით 127 ათასი წლის წინ, მკვლევართა გუნდმა გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ შემუშავებული კლიმატური მოდელი გამოიყენა. მათ დაასკვნეს, რომ მომხდარში უდიდესი როლი გაზაფხულისთვის დამახასიათებელმა ძლიერმა სითბომ შეასრულა. ტემპერატურის მატების შედეგად, ყინულის საფარის ზედაპირზე მრავალი ტბორი წარმოიქმნა, რომელმაც მზის სხივების არეკვლას შეუშალა ხელი და მისი დნობის ტემპის დაჩქარება განაპირობა.

ყინულის დადნობა არა მხოლოდ გარემოზე, არამედ იქ მობინადრე ცხოველებზეც უარყოფითად აისახება. ფოტო: Alfred Wegener Institute for Polar and Marine Research

სპეციალისტების განცხადებით, ამჟამად არქტიკაში სწორედ ზემოხსენებულის მსგავსი პროცესი მიმდინარეობს. წარსულის აღდგენილი სურათი მათ კლიმატის ცვლილების ახალი სიმულაციის შექმნასა და რეგიონის სავარაუდო მომავლის განსაზღვრაში დაეხმარა. მონაცემთა შეჯერებით მიღებული შედეგების თანახმად, გლობალური დათბობის გამო ზღვის ყინულის ზედაპირზე დროთა განმავლობაში უფრო მეტი წყალი დაგროვდება, რომელიც დიდი რაოდენობით სითბოს შთანთქავს და ქვემოთ არსებულ მასას უფრო სწრაფად დაადნობს. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში განლაგებულ ყინულოვან საფარს 2035 წლისთვის სრულად გაქრობა ემუქრება.

ნახეთ: ტემპერატურის მატების გამო კანადაში ორი მყინვარი გაქრა

მკვლევართა თქმით, მათ მიერ შემუშავებული სიმულაცია განსაკუთრებული სიზუსტით გამოირჩევა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას წინასწარ გვაწვდის. ეს კი მომავალში ზიანის თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები