Thumbnail

SpaceX-მა პენტაგონის საიდუმლო მისიებისთვის დაფინანსება მოიპოვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა კომპანიებთან SpaceX და United Launch Alliance ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებაც ჯამში რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. შეთანხმების თანახმად, ისინი აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელებულ საიდუმლო მისიებში მიიღებენ მონაწილეობას, რაც დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გაშვებას ითვალისწინებს.

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდის Starship პროტოტიპი გამოცადა

პროგრამის ფარგლებში 30-ზე მეტი მისია იგეგმება, რომელთა 40 პროცენტს SpaceX, დარჩენს კი United Launch Alliance შეასრულებს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ჯერჯერობით მხოლოდ 3 ფრენა დააანონსეს. მათგან ერთს ილონ მასკის კომპანია 2022 წლის ბოლოს განახორციელებს, რისთვისაც პენტაგონი 316 მილიონ დოლარს გადაიხდის. რაც შეეხება ULA-ის, ის ჩვენი პლანეტის ორბიტაზე კოსმოსურ აპარატებს 2022 წლის მეორე და მეოთხე კვარტალში გაიყვანს და სანაცვლოდ 337 მილიონი დოლარს მიიღებს.

SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy და ULA-ის აპარატი Vulcan Centaur, რომლებიც პენტაგონმა საიდუმლო მისიების განსახორციელებლად შეარჩია. ფოტო: SpaceX/United Launch Alliance

პენტაგონის შეკვეთის მოსაპოვებლად ზემოხსენებული კომპანიების კონკურენტები ტექნოლოგიური კორპორაცია Northrop Grumman და კოსმოსური ხომალდების უმსხვილესი მწარმოებელი Blue Origin იყვნენ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელოვნურ თანამგზავრებს SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტებით Falcon 9 და Falcon Heavy, ასევე United Launch Alliance-ის აპარატით Vulcan Centaur გაუშვებენ, რომელიც ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.

► Crew Dragon-ის მეორე ეკიპაჟიანი ფრენა სექტემბერში იგეგმება

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეს SpaceX-სთვის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე თვის წინ მასთან კონტრაქტი აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომაც (NASA) გააფორმა. 2024 წელს დაგეგმილი არტემისის პროგრამისთვის მთვარეზე დასაშვები სისტემის შესაქმნელად ილონ მასკის კომპანია 135 მილიონი დოლარით დაფინანსდება.

კომენტარები

ბოლო ამბები