Thumbnail

აუქციონზე 79 წლის წინ ზღვაში ჩაძირული ვისკი იყიდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ონლაინ აუქციონზე 1941 წელს გარე ჰებრიდის კუნძულებთან მეჩეჩზე შემჯდარ სატვირთო გემზე SS Politician აღმოჩენილი ვისკი იყიდება. გამოცემა Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მყვინთავის ჩაფხუტთან და ხომალდის ნარჩენებში ნაპოვნ აგურებთან ერთად, მისი სავარაუდო ფასი 20 ათას აშშ დოლარი იქნება. თუმცა, აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით, ზღვის ფსკერზე გატარებული 79 წლის შემდეგ ვისკი მოხმარებისთვის უსაფრთხო არაა.

ნახეთ: აუქციონზე ვამპირების მოსაგერიებელი ნივთების კომპლექტი იყიდება

264 ათასი ბოთლი ვისკით, 3 მილიონამდე ღირებულების იამაიკური ბანკნოტებით, ბამბით, ფაიფურით, თამბაქოთი და სხვა საქონლით დატვირთული გემი დიდი ბრიტანეთიდან ნიუ ორლეანისა და კინგსტონის მიმართულებით მიცურავდა. ალკოჰოლური სასმელი გლაზგოსა და ლიტში მდებარე, ნაცისტური გერმანიის ავიაციის მიერ დაბომბილი საბაჟო საწყობებიდან გასაყიდად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიჰქონდათ.

სატვირთო გემის SS Politician ნარჩენებში აღმოჩენილი ვისკი მყვინთავის ჩაფხუტთან და აგურებთან ერთად იყიდება.

1941 წლის 4 თებერვალს, ცუდი ამინდისა და გაუარესებული ხილვადობის პირობებში, SS Politician შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროს სიახლოვეს მდებარე კუნძულ ერისკეისთან კლდეს შეეჯახა. მას შემდეგ, რაც გემის სამანქანო განყოფილებაში წყალმა შეაღწია, კაპიტანმა ეკიპაჟს მისი დატოვების ბრძანება მისცა. 

ჰებრიდის კუნძულებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მეჩეჩზე შემჯდარ სატვირთო გემზე უნებართვო საძიებო სამუშაოები წამოიწყო. მათ განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ მის ტრიუმში დასაწყობებული ვისკი იწვევდა. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ქმედებას ძარცვის კვალიფიკაცია მისცა, კანონდამრღვევებს მოპოვებული ნადავლი ჩამოართვა და SS Politician ააფეთქა, რის შემდეგაც ის ზღვის ფსკერზე ჩაეშვა.

► ტიტიკაკას ტბაში ინკების სარიტუალო ძღვენი აღმოაჩინეს

1987 წელს პროფესიონალმა მყვინთავმა, ჯორჯ კურიემ, რომელიც კოლეგებთან ერთად კუნძულ ერისკეისთან წყალქვეშა კაბელის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, ჩაძირული გემის ნარჩენების მონახულება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს მიაგნო მან აფეთქების დროს სასწაულებრივად გადარჩენილ ვისკით სავსე ხუთ ბოთლს, რომელთაგან დღემდე მხოლოდ ერთი შემოინახა. მისი შეძენა მსურველებს აუქციონზე ორშაბათამდე შეუძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები