Thumbnail

107 წლის ქალმა ესპანური გრიპის შემდეგ COVID-19-ც დაამარცხა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ ჯერსიში მცხოვრები 107 წლის ანა დელ პრიორე, რომელმაც ბავშვობაში ესპანური გრიპი გადაიტანა, COVID-19-ისგანაც განიკურნა. პაციენტი რეაბილიტაციას მიდლტონში არსებულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოხუცთა თავშესაფარში გადის. გამოცემის Asbury Park Press მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს და თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

► ნახეთ: 99 წლის მფრინავმა ქალმა გინესის ორი რეკორდი დაამყარა

ანა დელ პრიორე ქალაქ ნიუ იორკში დაიბადა. 1918 წელს გავრცელებული ესპანური გრიპი, რომელსაც მთელ მსოფლიოში 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა, მას 6 წლის ასაკში აღმოაჩნდა, თუმცა გოგონამ დაავადება წარმატებით დაამარცხა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დელ პრიორემ მაისის თვეში შეიტყო. ოჯახის წევრებს მის ასაკში გამოჯანმრთელება აეჭვებდათ, თუმცა ანა, რომელიც მალე 108 წლის იუბილეს იზეიმებს, COVID-19-ისგან სამ თვეში განიკურნა.

ანა დელ პრიორე თავშესაფარში რეაბილიტაციის დროს. 
ფოტო: Asbury Park Press

ანას შვილიშვილი, ჟასმინ დელ პრიორე აცხადებს, რომ ბებიის ჯანმრთელობის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების წესში მდგომარეობს. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრს დადიოდა, საკვებად კი ხმელთაშუაზღვისპირა სამზარეულოს ხილით, ბოსტნეულითა და თხილით მდიდარ კერძებს მიირთმევდა.

აღსანიშნავია, რომ ანა დელ პრიორე ოჯახის ერთადერთი საუკუნეგადაცილებული წევრი არ არის, ვინც კორონავირუსის დამარცხება შეძლო. მისი უმცროსი და, ჰელენ გუცონე COVID-19-ით 105 წლის ასაკში დაავადდა, თუმცა მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება მანაც მოახერხა. ცნობილია, რომ ანას მსგავსად ბავშვობაში ესპანურ გრიპს ჰელენიც გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს დაავადება რესპირატორული გართულებების თანხლებით მიმდინარეობს.

 ► COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცს მკურნალობა $1 მილიონზე მეტი დაუჯდა

COVID-19-ი განსაკუთრებული სირთულით 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მათი ნაწილი დაავადებას წარმატებით ამარცხებს. დღეისათვის არსებული მონაცემებით, ყველაზე ხანდაზმული პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა ეპანეთში მცხოვრები 113 წლის მარია ბრანიასია.

კომენტარები

ბოლო ამბები