Thumbnail

Lucid Motors-ის ახალი ელექტრომობილი ერთი დატენვით 832 კმ-ს გაივლის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Lucid Motors-ის დამფუძნებლის, პიტერ როულინსონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიუმ კლასის ახალი ელექტრომობილი Lucid Air ერთი დატენვით 832 კილომეტრს გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში მყოფი მანქანის მოდელი აღნიშნულ მოლოდინს გაამართლებს, ის პირველობას ჩამოართმევს Tesla Model S-ს, რომელსაც თითოეული დამუხტვისას აკუმულირებული ენერგიით 647 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

ილონ მასკი: Tesla-ს ელექტრომობილები მალე მძღოლის გარეშე შეძლებენ მოძრაობას

აღსანიშნავია, რომ როულინსონის სიტყვები დამოუკიდებელი გამომცდელი ორგანიზაციის FEV North America მიერ განხორციელებულმა სტანდარტულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომლის დროსაც Lucid Air-მა რეკორდული შედეგი - 832 კილომეტრი აჩვენა. Lucid Motors-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებული აეროდინამიკის, მძლავრი ელემენტისა და ავტომანქანის ასაწყობად საჭირო ნაწილების რაოდენობის შემცირების დამსახურებაა.

Lucid Air-ის პროტოტიპის შიდა დიზაინი. ფოტო: Lucid Motors

პიტერ როულინსონის თქმით, ახალი ელექტრომობილის შიდა დიზაინი Tesla Model S-ისაზე ბევრად მდიდრული იქნება. ის ორი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი, რომელთა საერთო სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა. მანქანა 2.5 წამში 96 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ ექნება. ამ ყველაფერს ლითიუმ-იონის ელემენტები უზრუნველყოფს, რომელთა ტევადობაც, სავარაუდოდ, 110-დან 130 კვტ/სთ-მდე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ Lucid Air ამ მხრივაც აჯობებს Tesla-ს ზემოხსენებულ მოდელს, რომელსაც საათში 100 კილოვატი ენერგია გადაეცემა.

ნახეთ: Mercedes-ის ახალ მოდელს გვერდულად გადაადგილება შეუძლია

ორი ამერიკული ავტომწარმოებლის პროდუქციას ერთმანეთს ხშირად ადარებენ. მომხმარებელთა ფართო ფენაზე გათვლილი პრემიუმ კლასის ელექტრომობილების სეგმენტში Lucid Air ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი მოდელების მთავარი კონკურენტია. Lucid Motors ახალი მანქანის საზოგადოებისთვის წარდგენას სექტემბრის დასაწყისში გეგმავს. Lucid Air-ის ღირებულება 100 ათასი აშშ დოლარიდან დაიწყება. ის მსურველებისთვის 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები