Thumbnail

კანადაში ონკოლოგიურ პაციენტებს ჰალუცინოგენი სოკოების მოხმარების უფლება მისცეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კანადის ხელისუფლებამ კიბოთი დაავადებულ ოთხ პაციენტს ფსილოციბინის შემცველი ჰალუცინოგენი სოკოების მოხმარების ნება დართო. ამ ნივთიერებას ქვეყანაში ლეგალურად 1974 წლის შემდეგ პირველად გამოიყენებენ.

ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კანონიდან გამონაკლისი კანადის ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსთა არაკომერციული ორგანიზაციის TheraPsil შუამდგომლობის შემდეგ დაუშვა. ფსილოციბინის გამოყენების ნებართვა ექიმებმა უკურნებელი სენის ბოლო სტადიაზე მყოფი პაციენტების მენტალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ითხოვეს.

ფსილოციბინი ტრიპტამინების ოჯახში შემავალი ალკალოიდია, რომელიც სოკოს 200-მდე სახეობაშია აღმოჩენილი. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ის ფერმენტის მეშვეობით ფსილოცინად გარდაიქმნება და ფსიქოაქტიური ხდება. ეიფორიისა და ჰალუცინაციების გამომწვევ სოკოებს სხვადასხვა ხალხის რელიგიურ რიტუალებში გამოყენების დიდი ისტორია აქვთ, თანამედროვე ეპოქაში კი ისინი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეკრეაციო ფსიქოდელიურ საშუალებად მიიჩნევა.

ჰალუცინოგენი სოკო, რომელიც ფსილოციბინს შეიცავს.

ბოლო პერიოდში წარმოებულმა მცირემასშტაბიანმა კვლევებმა ობსესიურ-კომპულსური აშლილობის, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების, ასევე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი შფოთვის, შიშებისა და დეპრესიის დასაძლევად ჰალუცინოგენი სოკოების გამოყენების ეფექტურობა დაადასტურა.

2016 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ფსილოციბინით მკურნალობის კურსის შემდეგ, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ონკოლოგიური პაციენტების 80 პროცენტს აღენიშნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ნივთიერების ერთჯერადად მიღების დადებითი შედეგი ექვსი თვის განმავლობაში შენარჩუნდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, ოთხი წლის წინ ჩატარებულ კვლევაში მონაწილე პირებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მათ უმეტესობას სიმპტომები აღარ გამწვავებია.

► კორონავირუსის პანდემიის დროს აშშ-ში LSD-ს მოხმარება მკვეთრად გაიზარდა

უკვე ბევრი წელია, სხვადასხვა ქვეყანაში აქტივისტები ფსილოციბინის შემცველი სოკოების ლეგალური სტატუსის შეცვლას ითხოვენ. 2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში ოკლენდსა და დენვერში, 2020 წელს კი სანტა კრუზში მათი დეკრიმინალიზაცია მოხდა. ჰალუცინოგენი სოკოების მოხმარება ნებადართულია ასევე ავსტრიაში, ჩეხეთში, ნიდერლანდებში, ბრაზილიაში, იამაიკასა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოში. 

კომენტარები

ბოლო ამბები