Thumbnail

ნახეთ: Microsoft-მა ახალი დასაკეცი სმარტფონი წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft მობილური ტელეფონების ინდუსტრიას 4-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი დასაკეცი სმარტფონით Surface Duo დაუბრუნდა.

კორპორაციის მიერ წარმოდგენილ ინოვაციურ მოდელს არა ერთი მთლიანი, არამედ ორი დამოუკიდებელი, 5.6-დუიმიანი ეკრანი აქვს, რომელსაც ღერძზე 360 გრადუსით შემობრუნება შეუძლია. თითოეულის სისქე მხოლოდ 4.8 მილიმეტრია. მათი სენსორული ზედაპირი Gorilla Glass-ის მასალისგანაა დამზადებული, რომელსაც განსაკუთრებული გამძლეობა გამოარჩევს.

სმარტფონი კომპანია Qualcomm-ის მძლავრი პროცესორით Snapdragon 855 არის აღჭურვილი და 4G მხარდაჭერით სარგებლობს. მას ერთი 11-მეგაპიქსელიანი, 7x ზუმის მქონე კამერა აქვს, რომელიც 4K გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერას უზრუნველყოფს.

კომპანია Microsoft-ის ახალი დასაკეცი სმარტფონი Surface Duo. ფოტო: Microsoft

Surface Duo სპეციალურად მოდიფიცირებულ ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. მისი შიდა მეხსიერება 128 და 256GB-ია, ხოლო ოპერატიული მეხსიერება - 6GB. რაც შეეხება ელემენტის ტევადობას, ის 3,577 mAh-ს შეადგენს, რისი წყალობითაც ახალ მოწყობილობაში ვიდეოების ყურება გადაბმულად 15,5 საათის, სატელეფონო საუბარი კი 27 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

► ნახეთ: Samsung-მა ახალი სმარტფონები და სხვა მოწყობილობები წარადგინა

სმარტფონის მფლობელები კომპანია Microsoft-ის აპლიკაციებით Microsoft Office, Outlook, Teams, OneNote, Authenticator და ვიდეოთამაშების კოლექციით Microsoft Solitaire Collection ისარგებლებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თითის მარტივი მოძრაობით აპებისა და ფოტოების ერთი ეკრანიდან მეორეზე გადატანა და კომპანია Amazon-ის ელექტრონული წიგნების გადაფურცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

Microsoft-ის მიერ გამოშვებული Surface Duo მსურველებისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. მოდელის საწყისი ფასი 1399 აშშ დოლარითაა განსაზღვრული.

კომენტარები

ბოლო ამბები