Thumbnail

ნახეთ: წყალბადის საწვავზე მომუშავე ახალი ელექტრომობილი Hyperion XP-1

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Hyperion Motors საზოგადოებას წყალბადის საწვავზე მომუშავე ახალი ორკარიანი ელექტრომობილი Hyperion XP-1 წარუდგინა, რომლის შესაქმნელადაც კონსტრუქტორებს დაახლოებით ათი წელი დასჭირდათ. მოდელს ჯერჯერობით პროტოტიპად მოიხსენიებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მანქანის წარმოება აშშ-ში მოხდება, მომხმარებლებისთვის კი ის ხელმისაწვდომი 2022 წლიდან იქნება.

Lucid Motors-ის ახალი ელექტრომობილი ერთი დატენვით 832 კმ-ს გაივლის

ლითიუმ-იონის მძიმე ელემენტების ნაცვლად, ელექტრომობილი ენერგიას წყალბადისგან იღებს, რომლის მარაგიც ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადებულ ავზებში ინახება. გამომუშავებული ენერგია ორ ელექტროძრავს გადაეცემა, რომელთა საერთო სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანა 96 კმ/სთ სიჩქარეს 2.2 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 356 კილომეტრია. აირის მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ Hyperion XP-1-მა ერთი დატენვით 1635 კილომეტრი მანძილი დაფაროს.

წყალბადის საწვავზე მომუშავე ახალი ელექტრომობილი Hyperion XP-1

ფოტო: Hyperion

წყალბადის საწვავზე მომუშავე ახალი ელექტრომობილი Hyperion XP-1

ფოტო: Hyperion

წყალბადის საწვავზე მომუშავე ახალი ელექტრომობილი Hyperion XP-1

ფოტო: Hyperion

კომპანიის მტკიცებით, ახალი ელექტრომობილის შესაქმნელად აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ტექნოლოგიები, წყალბადისა და ელექტროენერგიის გენერირების უახლესი სისტემები და ახალი ტიპის მასალებია გამოყენებული. მაგალითისთვის, მისი ძარა, გარეთა კორპუსი და სავალი ნაწილი ლითონკომპოზიტითაა დამზადებული, რომლის შემადგენლობაშიც ნახშირბადის ბოჭკო და ტიტანი შედის, დიფუზორი კი კევლარითაა არმირებული. მასალებისა და საწვავის სიმსუბუქის წყალობით მანქანის წონაც მცირდება და მხოლოდ 1031 კილოგრამს შეადგენს.

ნახეთ: Mercedes-ის ახალ მოდელს გვერდულად გადაადგილება შეუძლია

დღესდღეობით წყალბადზე მომუშავე ელექტრომობილებისთვის საწვავის შესავსებად საჭირო სადგურების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, ამიტომ Hyperion Motors მსგავსი პუნქტების აშენებას თავად აპირებს. კომპანიას ახალი მოდელის ღირებულება ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია, თუმცა ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე სულ 300 ასეთი მანქანის გამოშვება იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები