Thumbnail

ასტრონომებმა 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გერმანიის მაქს პლანკის სახელობის ასტროფიზიკის ინსტიტუტსა და ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა ატაკამის უდაბნოში მდებარე ტელესკოპის (ALMA) საშუალებით ირმის ნახტომის მსგავსი შორეული და უკიდურესად ახალგაზრდა გალაქტიკა SPT0418-47 აღმოაჩინეს. გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ის ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ მისგან მომავალ სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად 12 მილიარდი წელი სჭირდება.

► ასტრონომებმა, სავარაუდოდ, 33 წლის ვარსკვლავი აღმოაჩინეს

მეცნიერთა გამოთვლებით, შორეული გალაქტიკა ტელესკოპმა იმ სახით დააფიქსირა, როგორიც მას დიდი აფეთქებიდან 1.4 მილიარდი წლის შემდეგ ექნებოდა. მათი თქმით, SPT0418-47-ში შემავალი ვარკვლავები ირმის ნახტომის მსგავსად სპირალურად არ არიან განლაგებულნი. ამის მიუხედავად, ახალაღმოჩენილი გალაქტიკა ჩვენსას ორი თავისებურებით ჰგავს. პირველი საერთო ნიშანი მოძრავი დისკისებრი სტრუქტურაა, მეორე კი ცენტრი, რომლის გარშემოც ვარსკვლავთა ჯგუფია თავმოყრილი.

ასტრონომების მიერ შექმნილი SPT0418-47-ის კომპიუტერული მოდელი. ფოტო: ALMA

მეცნიერთა უმეტესობას აქამდე მიაჩნდა, რომ გალაქტიკები ჩამოყალიბების პროცესში არასტაბილურები იყვნენ და ირმის ნახტომის მსგავსი ასაკოვანი გალაქტიკებისთვის დამახასიათებელი მოწესრიგებული სტრუქტურა არ გააჩნდათ. თუმცა, SPT0418-47-ზე დაკვირვების შემდეგ კვლევის ავტორებმა აღნიშნული თეორია ეჭვქვეშ დააყენეს და განაცხადეს, რომ სტრუქტურები, რომლებსაც ჩვენს გალაქტიკასა და ახლომდებარე სპირალურ გალაქტიკებში ვხვდებით, შესაძლოა, 12 მილიარდი წლის წინაც არსებობდა. 

► ჯუჯა პლანეტა ცერერაზე მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინეს

შორეულ გალაქტიკებზე დეტალური დაკვირვება ყველაზე მაღალი გარჩევადობის ტელესკოპებითაც კი ფაქტობრივად შეუძლებელია. ფოტოსურათებზე ამგვარი ობიექტები მცირე ზომისანი ჩანან, მათი გამოსახულება კი ბუნდოვანია. თუმცა, მეცნიერებმა ამ დაბრკოლების გადალახვა გრავიტაციული ლინზირების სახელით ცნობილი მეთოდის საშუალებით შეძლეს. SPT0418-47-დან წამოსულ სინათლეზე გრავიტაცია ლინზასავით მოქმედებს და მას დამახინჯებულად ასახავს, რის გამოც სურათზე გალაქტიკა ცეცხლოვან რკალს მოგვაგონებს.

კომენტარები

ბოლო ამბები