Thumbnail

სამხრეთ კორეაში ავტობუსის ანტივირუსულ გაჩერებებს ამონტაჟებენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ კორონავირუსთან საბრძოლველად ქუჩებში ავტობუსის ჭკვიანი გაჩერებების დამონტაჟება დაიწყო, რომლებიც თერმოსკრინინგისთვის განკუთვნილი სენსორებიანი კარითა და ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნათურებითაა აღჭურვილი. პროექტის Smart Shelter ფარგლებში ათი ასეთი პუნქტი ქვეყნის დედაქალაქ სეულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უკვე განათავსეს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გარდა, მათი გამოყენება ტრადიციული დანიშნულებით, ძლიერი წვიმისა და ზაფხულის გაუსაძლისი სიცხისგან თავის შესაფარებლადაცაა შესაძლებელი.

კორონავირუსზე უკონტაქტო ტესტირების ჯიხური სამხრეთ კორეაში

ავტობუსის გაჩერებები მინისგანაა დამზადებული. მასში შესვლამდე მგზავრი კარის წინ უნდა შეჩერდეს, სანამ მასში ჩამონტაჟებული თერმული სენსორი სიცხეს გაუზომავს. კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღება, თუ მოქალაქეს 37.5 °C-ზე დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორებმა ბავშვების სიმაღლეც გაითვალისწინეს და სიცხის საზომი სენსორი მათთვის კარის ქვედა ნაწილშიც ჩააყენეს.

ანტივირუსული ავტობუსის გაჩერება სამხრეთ კორეაში

ფოტო: Jung Yeon-Je/AFP

ანტივირუსული ავტობუსის გაჩერება სამხრეთ კორეაში

ფოტო: Jung Yeon-Je/AFP

ანტივირუსული ავტობუსის გაჩერება სამხრეთ კორეაში

ფოტო: Jung Yeon-Je/AFP

უსაფრთხოების ზომები ავტობუსის გაჩერების შიგნითაც არის დაცული. ჰაერის კონდიცირებისთვის განკუთვნილი დანადგარი ულტრაიისფერი ნათურებითაა აღჭურვილი, რომელთა საშუალებით სისტემა გაგრილებასთან ერთად ჰაერში არსებულ ვირუსებსაც კლავს. ამის გარდა, გაჩერებაზე ყოფნის დროს პირბადის ტარება და ერთმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვაა რეკომენდებული.

იაპონიაში ჭკვიანი ნიღაბი შექმნეს, რომელსაც 8 ენაზე თარგმნა შეუძლია

გაჩერების ტერიტორიაზე მგზავრები უფასო უსადენო ინტერნეტით სარგებლობენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგის შესახებ ინფორმაცია მის შიდა კედელზე დამონტაჟებული მონიტორის საშუალებითაა ხელმისაწვდომი, რომელზეც ავტობუსების მოსვლის დროა ნაჩვენები, ზემოთ განლაგებულ ეკრანზე კი გზაზე არსებული მდგომარეობისთვის თვალის დევნებაა შესაძლებელი. თითოეული ასეთი გაჩერება სამხრეთ კორეის ხელისუფლებას 84 ათასი აშშ დოლარი უჯდება და ის დღეში 300-400 მგზავრს ემსახურება.

კომენტარები

ბოლო ამბები