Thumbnail

მეცნიერებმა ყველაზე სწრაფი ვარსკვლავი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიის ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა კოლეგებთან ერთად ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე სწრაფი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრში განლაგებული სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო გადაადგილებისას სინათლის სიჩქარის 8 პროცენტს ავითარებს.

► ასტრონომებმა 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა აღმოაჩინეს

S4714-ის სახელით ცნობილი ციური სხეული მეცნიერებმა სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის კუთვნილი ტელესკოპის, VLT-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებუს შესწავლისას შენიშნეს. მზეზე ორჯერ დიდი მასის მქონე ვარსკვლავი ჩვენგან 26 ათასი სინათლის წლით დაშორებული უზარმაზარი შავი ხვრელის Sagittarius A* ირგვლივ რეკორდული სისწრაფით მოძრაობს და წამში 24 ათას კილომეტრს ფარავს.

ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრი, სადაც უზარმაზარი შავი ხვრელია განლაგებული. ფოტო: NASA

ვარსკვლავი ელიფსურ ორბიტაზე გადაადგილებას 12 წელს ანდომებს. ამ დროის განმავლობაში ის უმძლავრესი გრავიტაციული ველის მქონე ობიექტს 1.9 მილიარდი კილომეტრით უახლოვდება, შემდეგ კი ნელ-ნელა შორდება, სანამ მრუდის მეორე ბოლომდე არ მიაღწევს, რომელიც Sagittarius A*-დან 250 მილიარდ კილომეტრში მდებარეობს. ასეთი სიახლოვის გამო, S4714 მნიშვნელოვან პრეცესიას განიცდის - შავი ხვრელის მიზიდულობის ძალა მისი ღერძის გადახრას იწვევს.

► ასტრონომებმა, სავარაუდოდ, 33 წლის ვარსკვლავი აღმოაჩინეს

მკვლევართა ახალი აღმოჩენა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ყველაზე დამაჯერებელი პრაქტიკული ტესტირების საშუალებას იძლევა. ამის გარდა, ის, შესაძლოა, ვარსკვლავთა კონკრეტული ჯგუფის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 20 წლის წინ გამოთქმული ვარაუდის დამტკიცებაში დაგვეხმაროს. შავ ხვრელთან განლაგებულ უახლოეს წერტილამდე S4714 შემდეგ ჯერზე 2029 წელს მიაღწევს. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ იმ დროისთვის ტექნიკურად დღევანდელზე ბევრად დახვეწილი ტელესკოპები გვექნება, რომლებითაც Sagittarius A*-სა და მის გარშემო მოძრავ ობიექტებს უკეთ დავაკვირდებით.

კომენტარები

ბოლო ამბები