Thumbnail

ილონ მასკი ბელარუსებს: რით შეგვიძლია, დაგეხმაროთ?

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ბელარუს ხალხს, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, მხარდაჭერა აღუთქვა.

"ბელარუსი ცეცხლშია გახვეული. მკვლელობები, ცემა და წამება - ასე "გაიმარჯვა" ავტოკრატიულმა რეჟიმმა არჩევნებზე. გაავრცელეთ ეს ვიდეო", - დაწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა და თავის პოსტზე ილონ მასკი დათაგა.

"სამწუხაროა ამის გაგება, რით შეგვიძლია, დაგეხმაროთ?" - ამ კომენტარით გამოეხმაურა მასკი პოსტის ავტორს.

ილონ მასკის პასუხის შემდეგ, ბელარუსებმა მის სახელზე ონლაინ პეტიცია შეადგინეს, რომელშიც Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ტესტირების თავიანთ ქვეყანაში ჩატარებას ითხოვენ. მიმდინარე წლის აპრილში SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი სერვისის ბეტა ვერსიის გამოცდა დაახლოებით 3 თვეში დაიწყებოდა, თუმცა ლოკაცია არ დაუზუსტებია. პეტიციის ავტორები იმედოვნებენ, რომ მასკი, რომელიც თავისუფალი ინტერნეტის იდეის მხარდამჭერია, ამისთვის ბელარუსს შეარჩევს.

► ნახეთ: SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე 57 ახალი თანამგზავრი გაუშვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყებისთანავე, მოქალაქეთა შორის ინფორმაციის გაცვლის შესაფერხებლად, ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა. აქციები 9 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც გამარჯვებულად უკვე მეექვსედ მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადეს. ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ამომრჩეველთა სულ მცირე 70-პროცენტიანი მხარდაჭერით გამარჯვება ლუკაშენკას მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოიპოვა. მოცემული დროისთვის ეს უკანასკნელი ქვეყნიდანაა გაქცეული და თავს ლიეტუვას აფარებს.

ბელარუსის ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები, რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, არის მსხვერპლიც. სპეცრაზმელთა და პოლიციის მხრიდან სისასტიკისა და ძალადობის მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები ამ დრომდე არ წყდება. გაფიცულია ქარხნები და საწარმოები, კვირას კი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში თავისუფლების მარშია დაანონსებული.

კომენტარები

ბოლო ამბები