Thumbnail

არქეოლოგებმა პორტუგალიაში სტოუნჰენჯის მსგავსი ძეგლი აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

არქეოლოგებმა პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ევორას ოლქში მეგალითური მონუმენტის, სტოუნჰენჯის მსგავსი პრეისტორიული ძეგლის ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელიც ქვების ნაცვლად, ხის მასალისგან იყო აგებული. მეცნიერთა ვარაუდით, ვუდჰენჯი დიდ ბრიტანეთში არსებულ მონუმენტურ კომპლექსზე რამდენიმე ასეული წლით ადრე შეიქმნა.

მეცნიერებმა სტოუნჰენჯის შემადგენელი ქვების წარმომავლობა დაადგინეს

პირენეის ნახევარკუნძულზე აღმოჩენილი 4500 წლით დათარიღებული მონუმენტი პერდიგოს სახელით ცნობილი პრეისტორიული კომპლექსის ცენტრში მდებარეობს. მკვლევრებმა ჯერ მხოლოდ ძეგლის მესამედი გაასუფთავეს და დაახლოებით ოცი მეტრის სიგანის საძირკველში ამოჭრილი ორმოები აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, ვერტიკალურად აღმართული ხის ბოძები იქ წრიულად იყო განლაგებული და ერთმანეთში მოთავსებულ რამდენიმე რკალს ქმნიდა.

ვუდჰენჯის აღდგენილი სტრუქტურა. ფოტო: ERA Arqueologia

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტოუნჰენჯის მსგავსად ვუდჰენჯის განლაგების სტრუქტურაც კოსმოლოგიური შინაარსისაა. მონუმენტი ისე იყო აგებული, რომ ზაფხულის ბუნიობის დროს, ცაზე მზის მდებარეობას ემთხვეოდა. მკვლევართა აზრით, ძველი წელთაღრიცხვით 3500-2000 წლებს შორის პერიოდში პრეისტორიულ ძეგლს სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. მათ მიაჩნიათ, რომ ვუდჰენჯის ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონია, დღესასწაული და დაკრძალვის რიტუალები იმართებოდა. ამ ვარაუდის საფუძველს არქეოლოგებს მის მიმდებარედ აღმოჩენილი ცხოველების ძვლები და თიხის ჭურჭლის ნამსხვრევები აძლევს.

ტიტიკაკას ტბაში ინკების სარიტუალო ძღვენი აღმოაჩინეს

ვუდჰენჯის მსგავსი წრიული ფორმის სტრუქტურა ცენტრალური ევროპისა და ბრიტანეთის კუნძულების ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვა მეგალითურ ძეგლებშიც შეინიშნება. ამ თვალსაზრისით, სთოუნჰენჯთან ერთად, აღსანიშნავია სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, სოფელ ეივბერის მახლობლად განლაგებული ნეოლითის ეპოქის საკულტო მონუმენტი და კალანიშის ქვების სახელით ცნობილი საკულტო ნაგებობა შოტლანდიურ კუნძულ ლუისზე. ამ მსგავსებების საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ გვიანი ქვის ხანის ადამიანებს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია არსებობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები