Thumbnail

მეცნიერებმა შექმნეს ნაერთი, რომელიც მლაშე წყალს სასმელად ვარგისად აქცევს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მდებარე მონაშის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად ახალი მეტალორგანული ნაერთი PSP-MIL-53 შექმნეს. გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ნივთიერება მლაშე წყალს ნახევარ საათში ამტკნარებს, რის შემდეგაც ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ახალი ნაერთის შესაქმნელად მეცნიერებმა ნივთიერება MIL-53 გამოიყენეს, რომელიც წყალსა და ნახშირორჟანგთან რეაქციის უნარით ხასიათდება. სიბნელეში მოთავსების შემდეგ, ის წყალში არსებულ სასმელად უვარგის ნივთიერებებს, მათ შორის მარილის იონებს 30 წუთის განმავლობაში იწოვს. სინათლეში მოხვედრისას კი რეგენერაციის უნარს იძენს, რაც მისი მრავალჯერადი გამოყენების საშუალებას იძლევა. მლაშე წყლის გასუფთავებისა და გარდაქმნის შემდეგ, PSP-MIL-53 სიბნელიდან მზის სინათლეზე გააქვთ, სადაც ის 4 წუთის განმავლობაში შეწოვილი მარილებისგან თავისუფლდება და პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

"მზის სინათლე დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული და განახლებადი ენერგიის წყაროა. ჩვენ მიერ ადსორბენტების საფუძველზე შექმნილი ტექნოლოგია, რომელიც რეგენერაციისთვის მზის სინათლეს იყენებს, წყლის გამტკნარების ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტას უზრუნველყოფს", - აცხადებს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, მონაშის უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, ჰუანტინ ვანი.

მონაშის უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, ჰუანტინ ვანი მკვლევართა იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელმაც PSP-MIL-53 შექმნა.

მეტალორგანულ ნაერთს ფოროვანი სტრუქტურა გამოარჩევს. შეკუმშულ მდგომარეობაში ის საკმაოდ მცირე ზომისაა, თუმცა გახსნის შემდეგ ერთი ჩაის კოვზი PSP-MIL-53-ით ფეხბურთის მოედანის ზომის ფართობის დაფარვაა შესაძლებელი. მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ 1 კილოგრამი PSP-MIL-53-ის მეშვეობით დღის განმავლობაში 140 ლიტრამდე სასმელად ვარგისი წყალი მიიღება. მისი ეს თვისება წარმატებით შეიძლება გამოიყენონ წყლის მილებსა და წყალგაყვანილობის სხვა სისტემებში, რის შედეგადაც მათში გამავალ სითხეს მავნე ნივთიერებებისგან გაასუფთავებენ და მოხმარებისთვის უსაფრთხოს გახდიან.

სასმელი წყლის პრობლემა მსოფლიოში თანდათან უფრო მწვავდება. მოცემული დროისთვის მის დეფიციტს ათეულობით მილიონი ადამიანი განიცდის. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ისეთი ტექნოლოგიის შემუშავებას, რომლითაც ჩვენს პლანეტაზე არსებულ მლაშე წყალს მტკნარად გადააქცევენ. მათ მიერ გამოცდილ მეთოდებს შორისაა ულტრაიისფერი გამოსხივება, მზის სინათლისა და ჰიდროგელის კომბინირებული გამოყენება, ნახშირბადისაგან შექმნილი ფილტრი და სხვა. ავსტრალიელი მკვლევრების ახალი გამოგონება კი ამ პრობლემის გადაჭრის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.

კომენტარები

ბოლო ამბები