Thumbnail

აშშ-ში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 54.4°C დაფიქსირდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

16 აგვისტოს სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე მოჰავეს უდაბნოში, სიკვდილის ველის სახელით ცნობილ ეროვნულ ნაკრძალში ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ დამონტაჟებულმა თერმომეტრმა 54.4°C აჩვენა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მაჩვენებლის სისწორეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია დაადასტურებს, ეს ჩვენს პლანეტაზე ოფიციალურად რეგისტრირებული რიგით მესამე უმაღლესი ტემპერატურა იქნება.

მსოფლიოში ჩვეულებრივზე ცხელი დღეების რაოდენობა გაიზარდა

სიკვდილის ველი, რომლის ყველაზე ღრმა წერტილი, ბედვოთერის ღრმული ზღვის დონიდან 86 მეტრით დაბლა მდებარეობს, უკიდურესად თბილი და მშრალი ჰავით გამოირჩევა. 1913 წლის 10 ივლისს სწორედ იქ აღინიშნა 56.7°C ტემპერატურა, რომელსაც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია რეკორდულად აღიარებს, მეორე ადგილზე კი 1931 წელს ტუნისში დაფიქსირებული 55°C-ია. თუმცა, მეცნიერთა ნაწილი ამ ჩანაწერების სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს და რეკორდულად სწორედ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დაფიქსირებულ მაჩვენებელს მიიჩნევს.

კალიფორნიაში მდებარე სიკვდილის ველი, სადაც 54.4°C დაფიქსირდა. ფოტო: Manuel Sulzer

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ კიდევ ერთი რეკორდული ჩანაწერი, 1922 წელს ლიბიის ქალაქ ელ-აზიზიაში დაფიქსირებული 58°C გააუქმა. სპეციალური კომისიის წევრთა განცხადებით, ეჭვი მიმდებარე ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ტემპერატურულ მონაცემებთან მკვეთრმა შეუსაბამობამ გამოიწვია. შედეგად, ეს მაჩვენებელი ადამიანის ან თერმომეტრის შეცდომად აღიარეს.

პოლარულ არქიპელაგ შპიცბერგენზე რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

კალიფორნიას რეკორდულმა სიცხემ პრობლემები უკვე შეუქმნა. შტატის ფარგლებში რამდენიმე ცეცხლის კერა გაჩნდა და ცაში აჭრილი ალი ტორნადოშიც კი გადაიზარდა. სითბური ტალღის გაძლიერების გამო ელექტრომომარაგება შეუწყდათ მოქალაქეებს, რომლებიც დენს ქარის ან მზის ენერგიაზე მომუშავე დანადგარებიდან იღებენ. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს და ცალკეული დაავადებების გართულებას პროგნოზირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები