Thumbnail

მეცნიერები დროის კრისტალების ურთიერთქმედებას პირველად დააკვირდნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლანკასტერის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად დროის კრისტალების ერთმანეთთან დაკავშირება შეძლეს და მათ ურთიერთქმედებას პირველად დააკვირდნენ. ახალი კვლევის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

ახალი ტექნოლოგიით ადამიანის ტვინს ხელოვნურ ინტელექტთან დააკავშირებენ

დროის კრისტალების არსებობის შესახებ ვარაუდი ნობელის პრემიის ლაურეატმა, ამერიკელმა ფიზიკოსმა, ფრენკ ვილჩეკმა 2012 წელს გამოთქვა, 2017 წელს კი მათი ექსპერიმენტული დემონსტრირება შედგა. ეს არის განსაკუთრებულ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი მატერია, რომელიც ჩვეულებრივი, სამგანზომილებიანი კრისტალისგან განსხვავებით, არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც მეორდება. მისი შემადგენელი ატომები მუდმივად, კონკრეტული სიხშირით ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მიმართულებით მოძრაობენ, თანაც ისე, რომ ამისთვის გარე ძალების ზემოქმედებას არ საჭიროებენ.

აალტოს უნივერსიტეტის კუთვნილი სპეციალური დანადგარი, რომლიც მეცნიერებმა ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს. ფოტო: Aalto University

ამ ფენომენის უკეთ შესასწავლად მკვლევართა გუნდმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მათ ფინეთში მდებარე აალტოს უნივერსიტეტის კუთვნილი სპეციალური დანადგარის მეშვეობით ჰელიუმ-3-ის სახელით ცნობილი იზოტოპი -273.15 °C ტემპერატურაზე გააციეს და სასურველ აგრეგატულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, შემდეგ კი მიღებულ ნივთიერებაში წარმოქმნილი ორი დროითი კრისტალი ერთმანეთთან დააკავშირეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ერთ სისტემაში მოქცეულმა კრისტალებმა შემადგენელი ნაწილაკების თანმიმდევრული მიმოცვლა დაიწყეს, რასაც ჯოზეფსონის ეფექტი ეწოდება.

მეცნიერებმა შექმნეს ნაერთი, რომელიც მლაშე წყალს სასმელად ვარგისად აქცევს

დროის კრისტალები კვანტური მექანიკის მთავარ დინამიკას ემორჩილებიან, ამიტომ სპეციალისტთა განცხადებით, ახალი აღმოჩენა, შესაძლოა, ბევრად განვითარებული ტექნოლოგიების შექმნაში, ასევე გიროსკოპის, ატომური საათისა და მასზე დამოკიდებული სისტემების გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს. ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ სახის მატერიის ფუნდამენტური მახასიათებლების უფრო ღრმა გამოკვლევა კვანტური ინფორმაციის დამუშავებისკენ ახალ გზებს გაგვიხსნის.

კომენტარები

ბოლო ამბები