Thumbnail

გრენლანდიაზე 500 მილიარდ ტონაზე მეტი ყინული დადნა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიაში მდებარე ალფრედ ვეგენერის სახელობის პოლარული და საზღვაო კვლევების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, 2019 წელს მსოფლიოს უდიდეს კუნძულ გრენლანდიაზე 532 მილიარდი ტონა ყინული დადნა. გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ეს რიცხვი 2012 წლის რეკორდულ მაჩვენებელს დაახლოებით 15 პროცენტით აჭარბებს.

არქტიკაში არსებული ზღვის ყინული 2035 წლისთვის, შესაძლოა, მთლიანად დადნეს

დედამიწის ორბიტაზე განლაგებული სატელიტების საშუალებით შეგროვებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ გრენლანდიის მიერ ერთი წლის განმავლობაში დაკარგული ნახევარი ტრილიონი ტონა ყინულიდან 223 მილიარდი ტონა მხოლოდ ივლისის თვეში დადნა. კუნძულზე არსებული მყინვარებიდან მომდინარე წყალი ოკეანეებს შეუერთდა და ზღვის დონის მაჩვენებლის 1.5 მილიმეტრით მატება გამოიწვია.

დამდნარი წყლის მდინარეები გრენლანდიის ყინულის საფარზე. ფოტო: Sean Gallup

სპეციალისტები მომხდარის მიზეზად რეგიონში 2019 წელს დაფიქსირებულ განსაკუთრებულ სიცხეს ასახელებენ. მას წინ 2-წლიანი სიცივის პერიოდი უსწრებდა, რამაც ყინულის საფარის დნობა მცირე ხნით შეაფერხა. ამის მიუხედავად, კლიმატის ცვლილებამ გრენლანდიაზე უარყოფითი გავლენა მაინც მოახდინა, უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამ კი მყინვარების მიერ ყინულის მასის მნიშვნელოვანი დანაკარგი განაპირობა.

კანადაში მდებარე შელფურ მყინვარს უზარმაზარი აისბერგები გამოეყო

ყინულის მასის საგანგაშო შემცირება გრენლანდიაში 2000 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ ამ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო, რადგან თოვლის სახით მოსული ატმოსფერული ნალექი დანაკლისის ბოლომდე შესავსებად საკმარისი არაა. ეს მეცნიერებს საფუძველს აძლევს, ივარაუდონ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალში ამ რეგიონში ტემპერატურა აღარ მოიმატებს, მყინვარების დნობის პროცესის შეჩერება მაინც შეუძლებელი იქნება.

მსგავსი ტენდენცია საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს. დამდნარი ყინულის ოკეანეში ჩადინება საუკუნის დასასრულისთვის წყლის დონის დაახლოებით 1 მეტრით მომატებას გამოიწვევს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ზღვისპირა რეგიონებსა და ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულებს დააზარალებს. 3000 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 7 მეტრამდე გაიზარდოს, რის შედეგადაც სანაპირო ზოლის მახლობლად მდებარე ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს ოკეანე დაფარავს.

კომენტარები

ბოლო ამბები