Thumbnail

178 ტერაბიტი/წამში - ინტერნეტის სიჩქარის ახალი რეკორდი დამყარდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მოღვაწე მეცნიერებმა, კომპანიების Xtera და KDDI Research სპეციალისტებთან ერთად, შეიმუშავეს ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მონაცემთა გადაცემა წამში 178 ტერაბიტი სიჩქარით შეძლეს. გამოცემაში IEEE Photonics Technology Letters გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ინტერნეტის სიჩქარის ახალი რეკორდის დასამყარებლად სტანდარტული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გამოიყენეს, რომლის ტრადიციული ფერთა სპექტრი თითქმის ორჯერ გააფართოვეს.

ილონ მასკის თქმით, Starlink-ის ინტერნეტი მალე ხელმისაწვდომი იქნება

თანამედროვე კომერციულ ქსელურ ინფრასტრუქტურაში ციფრული ინფორმაციის გადასაცემად სინათლის ტალღების რხევათა შეზღუდული რაოდენობა, 4.5 ტერაჰერცი გამოიყენება. ბრიტანელმა ელექტროინჟინრებმა ეს მაჩვენებელი გააოთხმაგეს და 16.8 ტერაჰერცამდე გაზარდეს. გამტარობის ზრდამ სიგნალის გაძლიერებაც მოითხოვა, რისთვისაც მეცნიერებმა გეომეტრიული მოდულაციის სახელით ცნობილ მეთოდს მიმართეს. მათ სხვადასხვა სახის გამაძლიერებლები ჰიბრიდულ სისტემაში გააერთიანეს და სიგნალების ისეთი კომბინაციები შეიმუშავეს, რომლითაც უფრო მეტი მონაცემის გაგზავნა შედარებით მოკლე დროში, ხარვეზების გარეშეა შესაძლებელი.

"მაშინ, როდესაც თანამედროვე სისტემებს მონაცემთა გადაცემა წამში 35 ტერაბიტამდე სიჩქარით შეუძლიათ, ჩვენ ახალი ტექნოლოგიით ვმუშაობთ, რომელიც ოპტიკური ბოჭკოს გამტარობის ზოლს უფრო ეფექტურად იყენებს და ინტერნეტის სიჩქარის მსოფლიო რეკორდის - წამში 178 ტერაბიტის დამყარების საშუალებას იძლევა", - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ინჟინერ-ელექტროტექნიკოსი, ლიდია გალდინო.

კვლევის ხელმძღვანელი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ინჟინერ-ელექტროტექნიკოსი, ლიდია გალდინო. ფოტო: James Tye

მეცნიერთა განცხადებით, ახალი ტექნოლოგიის უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაში დანერგვა მთლიანი გაყვანილობის შეცვლაზე ბევრად იაფი დაჯდება. გამაძლიერებლები კაბელის ყოველ 40-100 კილომეტრზეა განლაგებული და თითოეულის განახლების ფასი სულ რაღაც 16 ათასი გირვანქა სტერლინგია, ქალაქის ამა თუ იმ რაიონში ერთი კილომეტრი სიგრძის ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი გაყვანილობის მონტაჟის ღირებულება კი 450 ათას გირვანქა სტერლინგამდე აღწევს. 

► თაღლითები 5G-ისგან "დამცავ" USB ფლეშ ბარათებს ყიდიან

ინტერნეტის სიჩქარის ახალი რეკორდი ბევრად აღემატება  ავსტრალიელი მეცნიერების მიერ მიმდინარე წლის მაისში ნაჩვენებ შედეგს, რომლებმაც მონაცემთა გადაცემა წამში 44.2 ტერაბიტი სიჩქარით შეძლეს. მისი მეშვეობით 4K გარჩევადობის მქონე 1500 კინოსურათის გადმოწერა სულ რაღაც ერთ წამშია შესაძლებელი, თუმცა ექსპერიმენტის წარმატების მიუხედავად, უახლოეს დროში წამში 179 ტერაბიტი სიჩქარით ონლაინ თამაშსა თუ ფილმების ყურებას, სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ. ახალი ტექნოლოგია თავდაპირველად მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ისევე, როგორც ამჟამად მოქმედი ESnet-ის ქსელი, რომელიც მონაცემთა გადაცემას წამში 400 გიგაბიტი სიჩქარით უზრუნველყოფს, მაგრამ მხოლოდ ისეთი ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი, როგორიცაა, მაგალითად, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების სააგენტო (NASA).

კომენტარები

ბოლო ამბები