Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდის Starship პროტოტიპი წარმატებით გამოცადა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ SpaceX კოსმოსური ხომალდის Starship რიგით მეექვსე პროტოტიპი გამოცადა. ტესტირების ფარგლებში ბოკა-ჩიკაში მდებარე კერძო კოსმოდრომზე აპარატის ახალი, Raptor SN29-ის სახელით ცნობილი ძრავა წარმატებით აამოქმედეს.

30 მეტრი სიმაღლისა და 9 მეტრი სიგანის პროტოტიპში დამონტაჟებული ძრავის ასამუშავებლად სამი მცდელობა გახდა საჭირო. ამას წინ რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული კრიოგენული ტესტირება უსწრებდა, რომლის მიზანიც საწვავის ავზის გამძლეობის შემოწმება იყო. მაღალი წნევის პირობებში გაციებული ნივთიერების გაჟონვის რისკის გამოსარიცხად რეზერვუარი თხევადი აზოტით აავსეს. გამოცდის უკანასკნელი ეტაპი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება, აპარატის სადებიუტო ფრენას ითვალისწინებს, რა დროსაც ის 150 მეტრის სიმაღლეზე ავა, შემდეგ კი ისევ ხმელეთზე დაეშვება.

► SpaceX-მა პენტაგონის საიდუმლო მისიებისთვის დაფინანსება მოიპოვა

ეს Starship-ისთვის პირველი საცდელი ფრენა არ იქნება. აგვისტოს დასაწყისში კოსმოსური ხომალდის რიგით მეხუთე პროტოტიპმა აღნიშნული მანძილი უკვე დაფარა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ნიშნულს ბევრად გადააჭარბებს ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში მყოფი მერვე აპარატი, რომელიც, სავარაუდოდ, 20 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდება.

 

Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა.

დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი. 

► Crew Dragon-ის მეორე ეკიპაჟიანი ფრენა სექტემბერში იგეგმება

SpaceX-მა აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან სუბორბიტული ფრენის უფლება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ექსპერიმენტული აპარატები ასვლას 100-ზე მეტი კილომეტრის სიმაღლეზე შეძლებენ. მანამდე კი, ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში განლაგებულ კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს ხომალდის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები