Thumbnail

ხელოვნურმა ინტელექტმა 50 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კაცობრიობის ისტორიაში პირველად ხელოვნურმა ინტელექტმა 50 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. დიდ ბრიტანეთში მდებარე უორიკის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ შექმნილმა ალგორითმმა ეს ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კეპლერის მისიის ფარგლებში მოპოვებული მონაცემებისა და დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ტელესკოპის TESS მიერ შეგროვებული მასალის შესწავლის შედეგად შეძლო.

მეცნიერებმა ყველაზე სწრაფი ვარსკვლავი აღმოაჩინეს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ყოველთვიურ გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ასტრონომებმა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტებმა ხელოვნურ ინტელექტს კოსმოსური ზონდების მიერ გადაღებული ისეთი სურათები დაამუშავებინეს, რომლებზეც კვლევის ობიექტი მის წინ განლაგებული ვარსკვლავების, კოსმოსური მტვრის ან კამერის ხარვეზების გამო არასრულფასოვნად იყო გამოსახული. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ალგორითმმა რამდენიმე ათეული აქამდე უცნობი ეგზოპლანეტა გამოავლინა, რომელთა შორის როგორც ნეპტუნის, ასევე დედამიწის ზომის ციური სხეულები გვხვდება. ზოგიერთი მათგანი საკუთარი მზის გარშემო სრულ ბრუნს ორას დღეს ანდომებს, ზოგი კი ამისთვის მხოლოდ ერთი დღე სჭირდება.

უორიკის უნივერსიტეტი, რომელშიც ახალი ალგორითმის შემქმნელი მეცნიერები მუშაობენ.  

საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთი ეგზოპლანეტა ჩვენგან 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, მეორე კი ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, ისევე, როგორც გამოგონილი პლანეტა ტატუინი ჯორჯ ლუკასის კოსმოსური კინოსაგიდან "ვარსკვლავური ომები". მეცნიერთა განმარტებით, ალგორითმის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა 1 პროცენტზე ნაკლებია. სისტემა ავტომატურ რეჟიმში, საკმაოდ სწრაფად მუშაობს, რაც მცირე დროში დიდი მოცულობის მონაცემების გაანალიზების საშუალებას იძლევა.

ასტრონომებმა 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა აღმოაჩინეს

აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ ინტელექტს დღემდე მხოლოდ პლანეტობის პოტენციური კანდიდატების შერჩევის მიზნით იყენებდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ შექმნილი ალგორითმი პლანეტების ამომცნობ სხვა აქამდე არსებულ ტექნოლოგიებს მალე ჩაანაცვლებს. მათი თქმით, ამ მეთოდის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მუდმივ სრულყოფას ექვემდებარება, რაც დროთა განმავლობაში მის მუშაობას უფრო ეფექტურს ხდის. ახალი ალგორითმის საშუალებით უკვე შეგროვებულ მასალასთან ერთად, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპის PLATO მიერ მომავალში მოპოვებული მონაცემების გააანალიზებაც იგეგმება. ცნობილია, რომ ზონდს კოსმოსში 2026 წლისთვის გაუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები