Thumbnail

ბაქტერიებს დედამიწიდან მარსამდე ცოცხლად მიღწევა შეუძლიათ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში მომუშავე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბაქტერიებს კოსმოსში ცოცხლად გადარჩენა რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლიათ. ამაში მათ დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Tanpopo-ს სახელით ცნობილი მისიის ფარგლებში განხორციელებული ასტრობიოლოგიური ექსპერიმენტი დაეხმარათ.

მეცნიერებმა 100 მილიონი წლის წინ ოკეანეში დამარხული ბაქტერიები გააცოცხლეს

გამოცემაში Frontiers in Microbiology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა გამძლეობით გამორჩეული დეინოკოკების გვარის წარმომადგენელი მიკროორგანიზმები ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი ლაბორატორიის გარეთა პანელებზე მოათავსეს, სადაც ერთად შეჯგუფებულმა მიკრობებმა უწონადობის, ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ტემპერატურის ცვალებადობის პირობებში სამი წელი გაატარეს. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, ნიმუშების შემოწმებისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ღია კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობისას გადარჩენა იმ კოლონიებმა მოახერხეს, რომელთა გარშემოწერილობაც 0.5 მილიმეტრს აღემატებოდა.

იაპონური საექსპერიმენტო მოდული Kibōსაერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ფოტო: JAXA/NASA

ბაქტერიებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სიცოცხლის შენარჩუნება მათ ზედაპირზე არსებული მკვდარი უჯრედებისგან შედგენილი შრის მეშვეობით შეძლეს, რომელმაც ერთგვარი დამცავი ფარის ფუნქცია შეითავსა. სპეციალისტთა ვარაუდით, 1 მილიმეტრის ზომის რადიორეზისტენტული კოლონიები ასეთი აგებულების წყალობით კოსმოსში დაახლოებით რვაწლიან მოგზაურობას გაუძლებენ, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მათ დედამიწიდან მარსამდე მიაღწიონ და უკან უვნებლად დაბრუნდნენ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ლითონით იკვებება

იაპონელი მეცნიერების ახალი მიგნება ამტკიცებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე მთელ სამყაროში, შესაძლოა, კოსმოსური მტვრის, ასტეროიდების, კომეტების ან მეტეორიტების დამსახურებით გავრცელებულიყო. აღმოჩენა ნათელყოფს იმასაც, რომ ბაქტერიებს პლანეტებს შორის დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები