Thumbnail

ილონ მასკი: Neuralink-ის ჩიპები ღორების ტვინში ჩავნერგეთ

კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა 28 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოებას თავისი ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Neuralink-ის საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. იუთუბის არხზე მიმდინარე ტრანსლაციის დროს მან წარმოადგინა ღორი, რომელსაც ორგანიზმში ტვინის კომპიუტერთან მისაერთებელი ჩიპი Link 0.9 ჩაუნერგეს.

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის მიერ დაარსებული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. Neuralink-ში მომუშავე მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

ილონ მასკი: Tesla-ს ელექტრომობილები მალე მძღოლის გარეშე შეძლებენ მოძრაობას

ღორს სახელად გერტრუდა ელექტრონული ჩიპი პრეზენტაციამდე ორი თვით ადრე ტვინის იმ ნაწილში ჩაუნერგეს, რომელიც ცხოველის დინგთანაა დაკავშირებული. როდესაც გერტრუდა რამეს ყნოსავდა ან ჭამდა, კომპიუტერი მისი ტვინიდან მომავალ ძლიერ სიგნალებს აფიქსირებდა, რომლებიც ეკრანზე ჩნდებოდა, ღორის მოძრაობისას კი მოწყობილობა მისი კიდურების ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავდა. ილონ მასკმა საზოგადოებას სხვა ღორიც წარუდგინა, რომელსაც ტვინში ჩიპი ჯერ ჩაუდგეს, შემდეგ კი ამოუღეს. მისი მტკიცებით, იმპლანტის მოშორება ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

პრეზენტაციის დროს გერტრუდას ტვინიდან მომავალი სიგნალები ეკრანზე ჩნდებოდა. წყარო: Neuralink

Neuralink-ის ახალი ტექნოლოგია ფართო საზოგადოებას პირველად 2019 წელს წარუდგინეს. მაშინ პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ კომპანია სპეციალური N1 ჩიპის შექმნაზე მუშაობდა. ვარაუდობდნენ, რომ ადამიანის ტვინში ოთხ ასეთ ჩიპს ჩადგამდნენ, რომელთაგან სამი მოტორიკაზე, ერთი კი სხეულის მიერ გარე გამაღიზიანებლების შეგრძნებაზე პასუხისმგებელ არეში განთავსდებოდა. თითოეული თმაზე თხელი ელექტროდებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, რომლებიც ტვინში ლაზერული სიზუსტით სპეციალური აპარატით ჩაინერგებოდა. 

შარშანდელთან შედარებით მოწყობილობის კონსტრუქცია მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ის გაცილებით კომპაქტური გახდა და მონეტის ფორმა მიიღო. 23 x 8 მილიმეტრი ზომის ჩიპი ტვინს Neuralink-ის სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადენებით უკავშირდება და ელექტროდების მიერ დაჭერილ სიგნალებს აგროვებს, რომლებსაც უსადენო კავშირით 10 მეტრამდე მანძილზე გადასცემს. ბლუთუზის საშუალებით მისი სმარტფონთან მიერთებაცაა შესაძლებელი.

ჩიპის კონსტრუქცია შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ის გაცილებით კომპაქტური გახდა და მონეტის ფორმა მიიღო. ფოტო: Neuralink

იმპლანტაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და დაახლოებით ერთ საათს საჭიროებს. მოწყობილობა ღამე, ძილის დროს უკაბელოდ იმუხტება, რის შემდეგაც მთელი დღის განმავლობაში მუშაობს. ილონ მასკის თქმით, Link 0.9-ის საშუალებით ტემპერატურისა თუ წნევის გაზომვა და პაციენტის მოძრაობებისთვის თვალის დევნებაა შესაძლებელი. პოტენციურად ასეთ სისტემას ინფარქტისა და ინსტულტის ადრეული დიაგნოსტიკაც შეუძლია.

Neuralink-ის ხელმძღვანელმა პრეზენტაციაზე ტვინში ჩიპების იმპლანტაციისთვის განკუთვნილი აპარატიც წარმოადგინა. ავტომატიზებულ ქირურგიულ სისტემას ადამიანის ორგანიზმში 1024 უთხელესი, სულ რაღაც 5 მიკრონი სისქის ელექტროდის ჩანერგვა შეუძლია. ჯერჯერობით მათი ინტეგრაცია მხოლოდ ტვინის ზედა ნაწილთან - ქერქთანაა შესაძლებელი, თუმცა კომპანიაში ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ მალე თავის ქალაში უფრო ღრმად განლაგებულ ტვინის სტრუქტურებამდეც მიაღწევენ.

23 x 8 მილიმეტრი ზომი ჩიპი ტვინს Neuralink-ის სპეციალისტების მიერ შემუშავებული თმაზე თხელი სადენებით უკავშირდება. ფოტო: Neuralink

ილონ მასკის მტკიცებით, იმპლანტის საშუალებით ტვინის მიერ გამოცემულ სიგნალებზე რეალურ დროში დაკვირვება და ნევროლოგიული დაავადებების წარმატებით მკურნალობაა შესაძლებელი, მომავალში კი ამ ტექნოლოგიამ ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სიმბიოზი უნდა უზრუნველყოს.

მასკის თქმით, უახლოეს დროში Neuralink-ის მოწყობილობას ცხოველების გარდა ადამიანებზეც გამოცდიან. თავდაპირველად ჩიპის იმპლანტაცია ძალზე ძვირი ეღირება, თუმცა თანდათან მისი ფასი რამდენიმე ათას აშშ დოლარამდე შემცირდება. ახალი მოდელების გამოსვლასთან ერთად მომხმარებლები საკუთარ მოწყობილობებს განაახლებენ. კომპანიას ისეთი ტექნოლოგიის შექმნა აქვს განზრახული, რომლის საშუალებითაც ჩიპების ამოღება და შეცვლა მარტივი პროცედურით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები