Thumbnail

5 საშიში პარაზიტი, რომელსაც გონების კონტროლი შეუძლია

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

დედამიწაზე ასი ათასობით ერთმანეთისგან განსხვავებული პარაზიტი ბინადრობს. მათ ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ და გადარჩენისთვის მასპინძელი ორგანიზმი ესაჭიროებათ. მსხვერპლის სხეულში შეღწევას, გავრცელებასა და სასიცოცხლო ენერგიის მითვისებას თითოეული სხვადასხვა გზით ახერხებს. ჩვენს სტატიაში კი იმ პარაზიტების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად მსხვერპლის ნერვულ სისტემასა და გონებას ეპატრონებიან.

5. Ophiocordyceps unilateralis 

ეს სოკო აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებზე ტროპიკულ ტყეებში იზრდება და იქ გავრცელებულ ჭიანჭველებს საკუთარი სპორებით აინფიცირებს. დაავადებული მწერი სხეულზე კონტროლს კარგავს, კოლონიას ტოვებს და ისეთი ადგილის ძებნას იწყებს, რომელიც პარაზიტის განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელია. როგორც წესი, ჭიანჭველა თავს ხეზე, ფოთლის ქვედა მხარეს მიწიდან დაახლოებით 25 სანტიმეტრზე იმაგრებს და კვდება, რის შემდეგად მისი სხეულიდან სოკო ამოდის და ახალი სპორების გავრცელებას იწყებს.

4. Paragordius tricuspidatus

ბეწვურები ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებული და საქართველოშიც ბინადრობენ. ზრდასრულობისას ჭიაყელა მტკნარ წყალში ცხოვრობს და პარაზიტის თვისებებს არ ავლენს, თუმცა მის ლარვას განვითარებისთვის სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის, ძირითადად ჭრიჭინასა და ჩოქელას ინფიცირება სჭირდება. როგორც წესი, ისინი მას შემდეგ ავადდებიან, რაც ბეწვურას კვერცხით გამოკვებილ, შედარებით მცირე ზომის მწერს მოინადირებენ. ლარვა მასპინძლის ორგანიზმში იზრდება, მის ნერვულ სისტემას მართავს და ჩამოყალიბების დაასრულებისთანავე მას წყალში გადახტომისკენ უბიძგებს, რის შემდეგაც გარეთ გამოდის და გამრავლებისთვის ემზადება. 

3. Leucochloridium parasite

ეს ბრტყელი ჭია ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის კონტინენტებზეა გავრცელებული და სხვადასხვა ფრინველის მომნელებელ სისტემაში ბინადრობს. გამრავლებისას პარაზიტის მიერ დადებული კვერცხები ექსკრემენტებთან ერთად გამოიყოფა, საკვების სახით ლოკოკინის ორგანიზმში ხვდება და აავადებს. ახალგამოჩეკილი ლარვები მსხვერპლის საცეცებში ძვრებიან და მატლის შეფერილობას აძლევენ, თავად მას კი მტაცებლებისთვის კარგად შესამჩნევ ადგილზე დიდხანს დარჩენისკენ უბიძგებენ. შედეგად, ბრტყელი ჭიებით სავსე მოლუსკი ჩიტების საკვებად იქცევა და ზემოთ აღწერილი ციკლი თავიდან იწყება.

2. Glyptapanteles

ეს პარაზიტი კრაზანები ძირითადად ამერიკის კონტინენტზე ბინადრობენ. გამრავლებისას დედალი მწერი მუხლუხოს ჩხვლეტს და მის ორგანიზმში 80-მდე კვერცხს დებს. ახალგამოჩეკილი ლარვები მსხვერპლის ჭამასა და სისხლის წოვას შიგნიდან იწყებენ, თუმცა რაკი ზრდის დასრულების შემდეგ მასპინძლის სხეულიდან გამოსულებს დამცველი სჭირდებათ, ამას ისე აკეთებენ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები არ დაუზიანონ. მუხლუხო პარაზიტების მიერ გამოყოფილი ტოქსინების გავლენით მათ საკუთარი ჭუპრებივით ექცევა, აბრეშუმის პარკში ახვევს და მუდმივად მეთვალყურეობს. ასე გრძელდება მანამ, სანამ ბზიკები გაფრენას შეძლებენ, თავად ის კი შიმშილით მოკვდება.

1.  Toxoplasma gondii

ეს ერთუჯრედიანი პარაზიტი მთელ დედამიწაზეა გავრცელებული და თითქმის ყველა თბილსისხლიანის ინფიცირების უნარით გამოირჩევა, თუმცა სქესობრივად მხოლოდ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა ორგანიზმში მრავლდება. რეპროდუქციის შემდეგ მისი ზიგოტა ძუძუმწოვრის ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა და მღრღნელების საკვებად იქცევა. შედეგად, დაავადებული თაგვი ან ვირთხა კატის სუნის მიმართ ინსტინქტურ შიშს კარგავს და მტაცებელის დევნას იწყებს, რაც მისივე მონადირებით სრულდება. ახალი მსხვერპლის კუჭში პარაზიტის მოხვედრის შემდეგ კი ციკლი თავიდან იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები