Thumbnail

ნახეთ: მეცნიერებმა გადაშენებულად მიჩნეული მომღერალი ძაღლები აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მეცნიერთა ჯგუფმა, ზოოლოგ ჯეიმს მაკინტაიერის ხელმძღვანელობით, კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში მდებარე გრასბერგის ოქროსა და სპილენძის მაღაროს სიახლოვეს მომღერალი ძაღლები იპოვა. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, 50 წლის განმავლობაში ველურ ბუნებაში გადაშენებულად მიჩნეული სახეობის წარმომადგენელთა აღმოჩენაში მკვლევრებს მათი დნმ-ის შესწავლა დაეხმარა.

გერმანიაში ძაღლის დღეში 2-ჯერ გასეირნება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ახალგვინეურ მომღერალ ძაღლს ეს სახელი ყმუილის უჩვეულო მანერის გამო შეარქვეს. ველურ ბუნებაში ის უკანასკნელად 1970-იან წლებში შენიშნეს, თუმცა ზოოპარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე 200-დან 300-მდე ინდივიდია აღრიცხული. სპეციალისტების უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდა, რომ მომღერალი ძაღლები ველურ გარემოში აღარ ბინადრობდნენ. მათი ეს მოსაზრება ვერც 1989 და 2012 წლებში გადაღებულმა ფოტოსურათებმა შეცვალა, რომლებზეც მომღერალი ძაღლების მსგავსი ცხოველები იყო აღბეჭდილი.

 

"ახალი გვინეის მთიანეთის გარეული ძაღლების ფონდის" დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჯეიმს მაკინტაიერმა, მკვლევართა ჯგუფთან ერთად, გრასბერგის მაღაროს სიახლოვეს ზემოხსენებული სახეობის წარმომადგენელთა მოძიება გადაწყვიტა. 2016 წელს საექსპედიციო ჯგუფის წევრებმა 15 გარეული ძაღლი შენიშნეს, თუმცა მათსა და ზოოპარკებსა თუ დაცულ ტერიტორიებზე მობინადრე მომღერალ ძაღლებს შორის კავშირის არსებობა ვერ დაადასტურეს. ვითარება ორი წლის შემდეგ შეიცვალა, როდესაც მეცნიერებმა ამ ცხოველების ბიოლოგიური მასალის შეგროვება შეძლეს, ორ ძაღლს კი GPS მოწყობილობაც დაუმაგრეს, რომლის დახმარებითაც მათი საცხოვრებელი არეალი დაადგინეს.

მეცნიერთა თქმით, ძაღლის სიცოცხლის 1 წელი ადამიანის 7 წელს არ უდრის

გრასბერგის მაღაროსთან ნანახი სამი გარეული ძაღლის დნმ მეცნიერებმა ზოოპარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე მობინადრე მომღერალი ძაღლების გენეტიკურ მონაცემებს შეადარეს. ისინი ერთმანეთს დაახლოებით 70 პროცენტით დაემთხვა. მკვლევართა განმარტებით, 30 პროცენტიანი სხვაობა, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ კონსერვაციაში მყოფი ძაღლები მხოლოდ შიდა შეჯვარებით მრავლდებოდნენ, რამაც მათი დნმ მნიშვნელოვნად შეცვალა. პაპუას მთიანეთში აღმოჩენილ გარეულ ძაღლებთან მათი შეჯვარებით მეცნიერები ამ უნიკალური სახეობის გენეტიკური მონაცემების აღდგენასა და შენარჩუნებას შეეცდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები