Thumbnail

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, მთვარე დაიჟანგა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ში მდებარე ჰავაის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) თანამშრომლებთან ერთად, მთვარის პოლუსების მიმდებარედ ჰემატიტის სახელით ცნობილი რკინის ოქსიდის, იგივე ჟანგის სპექტრული კვალი აღმოაჩინეს. გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა აღნიშნული მინერალი ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციის კუთვნილი ზონდის, Chandrayaan-1-ის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზისას შენიშნეს.

ნახეთ: იუპიტერის მთვარის ჩრდილოეთ პოლუსი, სადაც პლაზმის წვიმა მოდის

ზემოხსენებული აღმოჩენა მეცნიერებისთვის უჩვეულო და მოულოდნელი იყო, რადგან რკინას დაჟანგვისთვის ჟანგბადი ესაჭიროება - ქიმიური ელემენტი, რომელიც მთვარეზე არ გვხვდება. ამის გარდა, მის ზედაპირზე მზის ქარს, ანუ ვარსკვლავისგან გამოტყორცნილ პლაზმას წყალბადი გადააქვს, რომელიც ჟანგის წარმოქმნას უშლის ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ოდენობით ჰემატიტის კვალი ციური სხეულის იმ ნაწილში დაფიქსირდა, რომელიც მუდმივად დედამიწისკენაა მიმართული, მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ მთვარის დაჟანგვაში მთავარი წვლილი, შესაძლოა, სწორედ ჩვენს პლანეტას მიუძღვოდეს.

მთვარის პოლუსებზე აღმოჩენილი ჰემატიტის კვალი წითლადაა მონიშნული. ფოტო: Shuai Li

სპეციალისტთა განცხადებით, გამორიცხული არაა, რომ მთვარეზე ჟანგბადი დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრეებიდან მაგნიტოსფეროს გავლით ხვდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ჩვენს თანამგზავრს მზის ქარისგანაც იცავს, რაც, ძირითადად, სავსემთვარეობისას ხდება. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ჰემატიტი იქ სწორედ ციური სხეულის ამ ფაზის დროს ყალიბდება. მეორე ჰიპოთეზის თანახმად კი, მინერალის წარმოქმნას მთვარის კრატერებში არსებული წყლის ყინულის მოლეკულები განაპირობებენ, რომლებიც პოლუსებისკენ სწრაფად მოძრავ მტვრის ნაწილაკებთან ერთად გადაადგილდებიან და რკინასთან რეაქციაში შედიან.

ჯუჯა პლანეტა ცერერაზე მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინეს

კვლევის ავტორთა თქმით, ახალი აღმოჩენა მათ მთვარის პოლარული რეგიონების უკეთ შესწავლასა და ზოგიერთ ასტეროიდზე ჰემატიტის არსებობის განმაპირობებელი მიზეზების დადგენაში დაეხმარებათ. ისინი იმედს NASA-ს სამომავლო მისიებზე, კერძოდ, 2024 წლისთვის ჩანიშნულ "არტემისის" პროგრამაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების შემდგომ გაუმჯობესებაზე ამყარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები