Thumbnail

ნახეთ: Ford-მა ელექტრომობილი Mustang Cobra Jet 1400 გამოცადა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციისა და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებლის, Ford-ის ახალმა ელექტრომობილმა Mustang Cobra Jet 1400 მილის მეოთხედ დისტანციაზე (402 მეტრი) ტესტირების დროს აღნიშნული მანძილი 8,27 წამში დაფარა.

მანქანას 350 kW სიმძლავრის ოთხი ძრავი აქვს, რომელთა მუშაობას 800-ვოლტიანი ელემენტი უზრუნველყოფს. ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, მათ ჯამში 1400 ცხენის ძალის გამომუშავება და მაქსიმალური დატვირთვისას წუთში 10 ათასი ბრუნის შესრულება შეუძლიათ. თუმცა, ტესტირების დროს ელექტრომობილმა 1502 ცხენის ძალა გამოავლინა და სტარტის აღებიდან 8,27-წამიან მონაკვეთში საათში 270 კილომეტრამდე სიჩქარე განავითარა.

 

აღსანიშნავია, რომ Mustang Cobra Jet 1400-მა ტესტირებისას Lucid Motors-ის მიერ წარმოებული ელექტრომობილის, Lucid Air-ის შედეგი გააუმჯობესა. ეს უკანასკნელი მილის მეოთხედი მანძილის დაფარვას 9,9 წამში ახერხებს, რაც Ford-ის ავტომანქანის მიერ დაფიქსირებულ მაჩვენებელზე თითქმის 1,6 წამით მეტია. Tesla Model S, რომელიც ილონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანიის მიერ გამოშვებული ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია, ანალოგიურ მანძილს 10,43 წამში გადის. 2020 წელს გამოსული Porsche Taycan კი 10,3 წამში.

ნახეთ: Lucid Motors-ის ელექტრომობილმა სისწრაფით Tesla-ს მანქანებს გაუსწრო

Ford-ის ინჟინრები მიღწეული შედეგით არ კმაყოფილდებიან და აცხადებენ, რომ მათ მიერ აწყობილი მანქანა გადაადგილებას უფრო სწრაფადაც შეძლებს. თუმცა, ამ დროისთვის ბუნებაში ექსპერიმენტული ელექტრომობილის მხოლოდ ერთი პროტოტიპი არსებობს და უცნობია, დაიწყება თუ არა მისი სერიული წარმოება. აღსანიშნავია, რომ კომპანია კიდევ ერთ ელექტრომობილზე მუშაობს. Mustang Mach-E 1400-ის შეძენას მსურველები 2020 წლის ბოლოდან შეძლებენ და მისი ღირებულება 40 ათასიდან 65 ათას აშშ დოლარამდე იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები