Thumbnail

ნახეთ: როგორი იყო პასპორტები ძველად

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

პირადობის დამადასტურებელი პირველი დოკუმენტები, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში შეიქმნა, დროთა განმავლობაში კი მათი ქონა სავალდებულო გახდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში პიროვნების იდენტიფიცირებისთვის ჯერ კიდევ მისი გარეგნული მახასიათებლის წერილობითი აღწერა გამოიყენებოდა, თუმცა მოგვიანებით საბუთში ფოტოს ჩასაკრავად განკუთვნილი სპეციალური გრაფა გამოჩნდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა საკუთარ მოქალაქეებს ახალი მოთხოვნა მას შემდეგ წაუყენეს, რაც აღმოაჩინეს, რომ 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, სამეფო ფლოტზე სათვალთვალოდ გაგზავნილმა გერმანელმა ჯაშუშმა, კარლ ლოდიმ მოპარული აშშ-ის პასპორტით ინგლისში უპრობლემოდ შეაღწია.

1910-იან წლებში უსაფრთხოების ნორმები სხვა სახელმწიფოებმაც გაამკაცრეს, თუმცა თავდაპირველად საპასპორტე სურათის გადაღების სპეციალური სტანდარტი არ არსებობდა და ამ დანიშნულებით ნებისმიერი ფოტოს გამოყენება შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ადამიანები ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებსა და საყვარელ ცხოველებთან ერთად ან სულაც პირში პაპიროსგაჩრილი, გაზეთის კითხვისას თუ გიტარით ხელში იყვნენ წარმოდგენილნი.

ჩვენს ფოტოგალერეაში სწორედ სხვადასხვა ქვეყნის მიერ წინა საუკუნის დასაწყისში გაცემული, ყველაზე საინტერესო და სახალისო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტების დათვალიერებას შეძლებთ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის "საგარეო პასპორტსაც" იხილავთ. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

მე-19 საუკუნეში პასპორტში ფოტოებს ჯერ კიდევ არ აკრავდნენ, ამიტომ აშშ-ის ხელისუფლების მიერ 1841 წელს გაცემულ ამ სამოგზაურო დოკუმენტში მისი მფლობელის გარეგნობა წერილობითაა აღწერილი. სწორი ცხვირი, ღია ფერის კანი, ოვალური ნიკაპი - ვკითხულობთ საბუთში. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მისი მფლობელის სურათის ჩასაკრავად განკუთვნილი სპეციალური გრაფა 1910-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა ამ დანიშნულებით ფოტოს გადაღების სტანდარტი არ შემუშავებულა. ამიტომ, ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები საბუთებში ხშირად საკმაოდ უცნაურად გამოიყურებდნენ. მაგალითისთვის, ეს პასპორტი იტალიის ხელისუფლებამ 1918 წელს გასცა.  

როგორი იყო პასპორტები ძველად

კენტერბერის მთავარეპისკოპოსის სახელზე კი პასპორტი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 1916 წელს გასცა. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

პასპორტი, რომელშიც მფლობელი საყვარელ ძაღლთან ერთად პოზირებს, გერმანიის ხელისუფლებამ 1916 წელს გასცა. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

ეს არანაკლებ შთამბეჭდავი საპასპორტე ფოტო კი ისევ გერმანიის ხელისუფლების მიერ 1921 წელს გაცემულ დოკუმენტში მოხვდა. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

ეს პასპორტი ამერიკის ხელისუფლებამ 1914 წელს გასცა, როდესაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფოტოებს ჯერ კიდევ არ აკრავდნენ. მისი მფლობელის შვილთან ერთად გადაღებული სურათი საბუთს მოგვიანებით, ახალი რეგულაციების ამოქმედებისას დაემატა. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

აშშ-ში დაქორწინებულ ქალებს საკუთარ სახელზე პასპორტის აღების უფლება 1930-იანი წლების მიწურულს მიეცათ, მანამდე კი მათი მონაცემები ქმრის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში იწერებოდა. მაგალითისთვის, ეს საბუთი 1922 წელს გაიცა. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

ასე გამოიყურება აშშ-ის ხელისუფლების მიერ ცნობილი ამერიკელი მწერლის, რომანის "დიდი გეთსბი" ავტორის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის სახელზე გაცემული პასპორტი, რომელიც მისი ცოლის, ზელდასა და შვილის, ფრენსისის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფუნქციასაც ითავსებდა. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

მას შემდეგ კი, რაც ზელდამ და ფრენსის ფიცჯერალდ უმცროსმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება თავადაც შეძლეს, მწერლის პასპორტში მათი სურათები კალმით გადახაზეს. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

აშშ-ში ჯგუფური სამოგზაურო დოკუმენტების აღება მე-20 საუკუნის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ეს საოჯახო პასპორტი კი ამერიკიდან გერმანიაში ნათესავის მოსანახულებლად გამგზავრებულ მოქალაქეებზე 1954 წელს გაიცა. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

კოლექტიური სამოგზაურო დოკუმენტით სარგებლობა ზოგიერთ ქვეყანაში ნათესაური კავშირის არმქონე პირებსაც შეეძლოთ. მაგალითად, 1923 წელს პოლონეთის ხელისუფლებამ ეს პასპორტი უნგრეთში გამგზავრებულ 30 საკუთარ მოქალაქეზე გასცა. 

როგორი იყო პასპორტები ძველად

ეს პასპორტი კი გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩომ, საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით მის გაუქმებამდე ცოტა ხნით ადრე, 1922 წელს სიმონ გეგელაშვილის სახელზე გასცა. დოკუმენტს ხელს თავად მაშინდელი ელჩი, ლადო ახმეტელი აწერს. 

კომენტარები

ბოლო ამბები