Thumbnail

ნახეთ: ავსტრალიის ტურისტულ ზონაში უზარმაზარი ნიანგი დაიჭირეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, ქალაქ კატერინთან ახლოს მდებარე ტურისტულ ზონაში რეინჯერებმა უზარმაზარი ნიანგი დაატყვევეს. რეპტილიის სიგრძე 4.4 მეტრს, წონა კი 350 კილოგრამს შეადგენს. გარემოს დამცველთა განცხადებით, ეს მდინარე ფლორას აუზში დაჭერილი ყველაზე დიდი ქვეწარმავალია.  

ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ტროპიკებში ნიანგები მას შემდეგ მომრავლდნენ, რაც 1970-იანი წლების დასაწყისში ამოქმედებული კანონით მათზე ნადირობა აიკრძალა. გარცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ამ ტერიტორიაზე მლაშე წყლის ბინადარი დაახლოებით 100 ათასი ქვეწარმავალი აღირიცხება. რეინჯერების მიერ ახლახან დატყვევებული მამრი რეპტილია ნიანგების ფერმაზე მიიყვანეს, სადაც ის გამრავლების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

 

დიდი ზომის ნიანგები ავსტრალიაში ადრეც არაერთხელ დაუჭერიათ. სამი წლის წინ მდინარე კატერინის სანაპიროზე დატყვევებული ქვეწარმავლის სიგრძე 4.7 მეტრზე მეტი იყო. შედარებით მცირე ზომის, დაახლოებით 3.3 მეტრი სიგრძის ნიანგი კი მდინარე ფლორის მიმდებარე ტერიტორიაზე რეინჯერებმა ერთი კვირის წინაც შენიშნეს.

► ჰიტლერის ალიგატორი 84 წლის ასაკში მოსკოვის ზოოპარკში გარდაიცვალა

უზარმაზარი ნიანგი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაიჭირეს. ორი მისისიპელი მეზღვაურის მიერ დატყვევებული რეპტილიის სიგრძე 3.6 მეტრს, წონა კი 216 კილოგრამს შეადგენს. ყველაზე დიდი ნიანგი კი, რომელიც ოდესმე დაუჭერიათ, ლოლონგის სახელითაა ცნობილი. ქვეწარმავლის სიგრძე 6.17 მეტრი იყო, წონა კი ერთ ტონას აღემატებოდა, რის გამოც ის გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები