Thumbnail

ნახეთ: მსოფლიოში უდიდესმა ციფრულმა კამერამ 3200-მეგაპიქსელიანი ფოტოები გადაიღო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის კუთვნილ ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებმა მსოფლიოში უდიდესი ციფრული კამერისთვის დამზადებული ფოტომატრიცებით დედამიწაზე არსებული ობიექტების რეკორდული, 3200-მეგაპიქსელიანი გამოსახულებები გადაიღეს. სურათები იმდენად დიდია, რომ მათი სრული ზომით სანახავად 4K გარჩევადობის 378 ტელევიზორის ეკრანია საჭირო. 

► ტელესკოპით GREGOR მზის დეტალური გამოსახულება გადაიღეს

კომბოსტო რომანესკო

მაღალი გარჩევადობით ფოტოსურათი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფოტო: SLAC

ფლამარიონის გრავიურა

მაღალი გარჩევადობით ფოტოსურათი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფოტო: SLAC

მეცნიერ ვერა რუბინის ფოტო

მაღალი გარჩევადობით ფოტოსურათი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფოტო: SLAC

კამერა, რომელსაც 25 კილომეტრი მანძილიდან გოლფის ბურთის დანახვა შეუძლია, საბოლოო სახით აწყობის შემდეგ, ჩილეში მდებარე ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიაში დამონტაჟდება და ასტრონომებს კოსმოსის შესწავლაში დაეხმარება. ლაბორატორიის თანამშრომლებმა ფოტოსურათები მისი ფოკალური სიბრტყის გამოსაცდელად გადაიღეს. ის ჯამში 189 სენსორისგან შედგება, რომელიც ობიექტისგან მომავალ სინათლეს ელექტრულ სიგნალებად აქცევს და ციფრულ გამოსახულებას ქმნის. ცხრა ასეთი სენსორი, სხვა დამატებით დეტალებთან ერთად, ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებულ კვადრატულ ბლოკებშია მოთავსებული, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია. კამერის ფოკალური სიბრტყე იმდენად სწორია, რომ იდეალური ზედაპირისგან გადახრა ადამიანის თმის სისქის მეათედს არ აღემატება, რაც ძალზე მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების მიღების საშუალებას იძლევა. 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერის ხედვის კუთხეში 7 სავსე მთვარე თავსდება, მისი გარჩევადობა კი 25 კმ მანძილიდან გოლფის ბურთის დანახვას უზრუნველყოფს. ფოტო: SLAC

კამერის სენსორები მხოლოდ -100°C ტემპერატურისას მუშაობენ, რის გამოც ფოკალური სიბრტყე კრიოსტატშია მოთავსებული. უახლოესი თვეების განმავლობაში სპეციალისტები კრიოსტატს, მსოფლიოში ყველაზე დიდ ოპტიკურ ობიექტივს, საკეტსა და ღამის ცის შესასწავლად განკუთვნილი ფილტრების სისტემას კორპუსში განალაგებენ. 2021 წლის დასრულებამდე კამერა ფინალურ ტესტირებას გაივლის, შემდეგ კი ჩილეში გაემგზავრება, სადაც ათი წლის განმავლობაში ცის სამხრეთ ნახევარსფეროს პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებს. შეგროვებულ მონაცემებს მეცნიერები ისტორიაში ყველაზე დიდი ასტრონომიული ატლასის შესადგენად, ასევე გალაქტიკების ფორმირების, ბნელი მატერიისა და ენერგიის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები