Thumbnail

მეცნიერებმა 10 მილიონ ვარსკვლავურ სისტემაში უცხო ცივილიზაციის კვალს ვერ მიაგნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ავსტრალიის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების სახელმწიფო ორგანიზაციასა და ქალაქ პერთში მდებარე ქერთინის სახელობის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა არამიწიერი ცივილიზაციის ძიებისას 10 მილიონზე მეტი ვარსკვლავური სისტემა შეისწავლეს, თუმცა უცხოპლანეტელთა კვალს ვერსად მიაგნეს.

ჩინეთი უცხოპლანეტელების აღმოჩენას გიგანტური რადიოტელესკოპით შეეცდება

ავსტრალიის ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა მარჩისონის ობსერვატორიის კუთვნილი რადიოტელესკოპები იალქნების თანავარსკვლავედში არსებული ერთ-ერთი რეგიონისკენ მიმართეს, სადაც მილიონობით მნათობი და ჩვენთვის ცნობილი რამდენიმე ეგზოპლანეტაა განლაგებული. ისინი არამიწიერი ცივილიზაციისგან მომავალი სიგნალის დაჭერას 17 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ - ანტენებს ღრმა კოსმოსიდან მომავალი ელექტრომაგნიტური ტალღები არ დაუფიქსირებიათ.

ავსტრალიაში მდებარე მარჩისონის რადიოტელესკოპების წყება 4096 ანტენას აერთიანებს. ფოტო: Dragonfly Media

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის კვლევებიდან ეს უკანასკნელი ყველაზე ფართომასშტაბიანია. მეცნიერთა მიზანი ისეთი რადიოსიგნალების აღმოჩენა იყო, რომელთა წყაროც ცის სამხრეთ ნაწილში განლაგებული რომელიმე პლანეტის ბინადარი ცივილიზაციის მიერ შექმნილი ტექნოლოგია იქნებოდა. ამისთვის სპეციალისტებმა სწორედ მარჩისონის ობსერვატორიის ანტენების გამოყენება გადაწყვიტეს, რომელთა საშუალებითაც დიდი რაოდენობით ასტრონომიულ ობიექტზე დაკვირვება ერთდროულადაა შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ არამიწიერი ინტელექტის ძიება წარუმატებლად დასრულდა, ავსტრალიელი მეცნიერები ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ უცხოპლანეტელთა კვალს ადრე თუ გვიან მაინც მიაგნებენ, რაშიც უახლესი ტექნოლოგიები, გაუმჯობესებული ხელსაწყოები და მოწყობილობები დაეხმარებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები