Thumbnail

ნახეთ: ჩინური რაკეტის ნაწილი სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს რაკეტის Long March 4B პირველი საფეხური ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შანსის პროვინციაში მდებარე სოფელ ლილონგის სკოლასთან ჩამოვარდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო ადგილობრივ სოციალურ ქსელში Weibo გავრცელდა.

თვითმხილველთა მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ეცემა ხმელეთზე კოსმოსური აპარატის დეტალი, რომლის აფეთქების შედეგადაც ნარიჯისფერი კვამლი წარმოიქმნება. ფონზე კი ბავშვების ხმა ისმის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ინციდენტი სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს მოხდა. 

 

ნარინჯისფერი კვამლის წარმოქმნის მიზეზი ჰიდრაზინისა და აზოტის ტეტროქსიდის ნარევია, რომლითაც შანხაის აეროკოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის მიერ შექმნილი რაკეტის პირველი საფეხურია გამართული. ეს საწვავი მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მის ორთქლთან კონტაქტი თვალების, ცხვირისა და რესპირატორული გზების დამწვრობას იწვევს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგითაც შეიძლება დასრულდეს. 

► ნახეთ: ჩინეთმა მარსზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა

Long March 4B შანსის პროვინციაში მდებარე ტაიიუანის კოსმოდრომიდან 7 სექტემბერს აფრინდა და ჩვენი პლანეტის ორბიტაზე Gaofen 11-ის სახელით ცნობილი ავტომატური კოსმოსური სადგური გაიყვანა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ახალი თანამგზავრი დედამიწას მაღალი გარჩევადობის სურათებს გადაუღებს, რომლებსაც მისი ზედაპირის კვლევის, ქალაქებისა თუ საგზაო მაგისტრალების დაგეგმარებისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირებისთვის გამოიყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები