Thumbnail

სამყაროში, შესაძლოა, უამრავი უხილავი ვარსკვლავი არსებობდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტთან არსებულ თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, სამყარო, შესაძლოა, ელემენტარული ნაწილაკებისგან, ბოზონებისგან შედგენილი უხილავი ვარსკვლავებით იყოს სავსე.

ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ყოველთვიურ გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა ჰიპოთეზა ეფუძნება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც უხილავი ვარსკვლავები, არსებობის შემთხვევაში, შავ ხვრელებს უნდა ჰგავდნენ და ჩვეულებრივი მნათობებისგან განსხვავებით, არა ფერმიონების სახელით ცნობილ ნაწილაკებს, არამედ ბოზონებს შეიცავდნენ. მათი მასა მილიონობით მზის მასას უნდა უტოლდებოდეს, ხოლო მატერია მნიშვნელოვნად იყოს შეკუმშული.

ასტრონომებმა იშვიათი კოსმოსური ობიექტები აღმოაჩინეს

ბოზონის ვარსკვლავები ძირითადად გამჭირვალე იქნებოდა, რაც მათ დანახვას შეუძლებელს გახდიდა, თუმცა ზოგიერთის გარშემო, შესაძლოა, პლაზმის მოძრავი რკალი მდებარეობდეს, რომელიც შავი ხვრელის ირგვლივ არსებული აკრეციული დისკოს მსგავსია. აქედან გამომდინარე, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ გალაქტიკების ცენტრში განლაგებული უზარმაზარი შავი ხვრელები სინამდვილეში სწორედ ზემოხსენებულ ციურ სხეულებს წარმოადგენენ.

ეს სიმულაცია გვიჩვენებს, როგორ გამოჩნდებოდა შავი ხვრელი, მბრუნავი შავი ხვრელი და ბოზონის ვარსკვლავი ტელესკოპის Event Horizon ობიექტივში. ფოტო: MNRAS

საკუთარი ჰიპოთეზის მართებულობის დასამტკიცებლად ასტროფიზიკოსებმა კომპიუტერულ მოდელირებას მიმართეს. მათი მიზანი იყო დაედგინათ, როგორ გამოჩნდებოდა ბოზონის ვარსკვლავი ტელესკოპის Event Horizon ობიექტივში და იქნებოდა თუ არა ის ქალწულის თანავარსკვლავედში განლაგებული შავი ხვრელის, M87*-ის მსგავსი. ამ უკანასკნელის ფოტოსურათი, რომელიც სწორედ ზემოხსენებული ტელესკოპით გადაიღეს, შავი ხვრელის პირველი და ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი გამოსახულებაა. კვლევამ აჩვენა, რომ ბოზონის ვარსკვლავის ჩრდილი ასეთივე მასის მქონე შავი ხვრელის ჩრდილზე ბევრად მცირე ზომის უნდა იყოს, ამიტომ, ამ შემთხვევაში თეორიულ კოსმოსურ ფენომენთან საქმე, სავარაუდოდ, არ გვაქვს.

მეცნიერებმა ყველაზე სწრაფი ვარსკვლავი აღმოაჩინეს

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგებს ტელესკოპის Event Horizon მიერ მომავალში გადაღებულ გამოსახულებებს შეადარებენ, რაც მათ ბოზონის ვარსკვლავების სავარაუდო არსებობის შესახებ უფრო კომპეტენტური დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს.

კომენტარები

ბოლო ამბები