Thumbnail

აშშ-ში მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების პროექტი დაამტკიცეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის ბირთვული ენერგიის მარეგულირებელმა კომისიამ ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში დაფუძნებული კომპანიის NuScale Power მიერ წარმოდგენილი მცირე ზომის ბირთვული რეაქტორის პროექტი დაამტკიცა. ამ დროისთვის დანადგარი 50 მეგავატი ენერგიის გამომუშავებაზეა გათვლილი, თუმცა 2022 წელს კომისია უკვე 60 მეგავატი სიმძლავრის რეაქტორის აგების შესახებ განაცხადს განიხილავს.

მეცნიერებმა ბირთვულ ნარჩენებზე მომუშავე ელემენტი შექმნეს

NuScale Power-ის მიერ შექმნილი რეაქტორი 23 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ფოლადის ცილინდრია, რომლის შიგნითაც ურანის საწვავის ღერძებია განთავსებული. ჯაჭვური ბირთვული რეაქციის საშუალებით ისინი შიდა კონტურში წყალს აცხელებენ, რომელიც თბოგადამცემის გავლით ტემპერატურას გარე, ორთქლის კონტურს გადასცემს. ორთქლი კი იმ ტურბინას ამოძრავებს, რომელიც ელექტროენერგიას აგენერირებს.

მცირე ზომის რეაქტორის კონსტრუქციაში პასიური გაცივების სისტემაა გათვალისწინებული. ცხელი წყალი თბოგადამცემი მილების გავლით ადის, ცივდება და უკან, საწვავის ღერძებთან ბრუნდება. ასეთი მიდგომა რეაქტორში ტუმბოებისა და სხვა ისეთი დამატებითი, მოძრავი ელემენტების გამოყენების საჭიროებას ხსნის, რომლებიც შეიძლება, მწყობრიდან გამოვიდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციისას, რეაქტორი ბირთვულ რეაქციას თავადვე შეაჩერებს.

NuScale Power-ის მიერ შექმნილი მცირე ზომის ბირთვული რეაქტორის მოდელი. ფოტო: NuScale Power

NuScale Power-ის წარმომადგენელთა განცხადებით, დროა, უარი ვთქვათ დიდ რეაქტორებზე, რომლებიც თანამედროვე ატომურ ელექტროსადგურებშია დამონტაჟებული და მათ ნაცვლად მცირე ზომის მოდულური რეაქტორები დავნერგოთ. მათი თქმით, ამ დანადგარების წარმოება და ექსპლუატაცია არა მხოლოდ ნაკლებ დროსა და დანახარჯებთანაა დაკავშირებული, არამედ გაცილებით უსაფრთხოცაა. ახალი ტიპის ატომურ ელექტროსადგურებში სტანდარტულად 12 ასეთი მცირე რეაქტორი განთავსდება, რაც ჯამში 600 მეგავატი ენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს. ეს კი სრულიად საკმარისი იქნება ელექტროენერგიით საშუალო ზომის ქალაქის მოსამარაგებლად.

ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის სოკო ასტრონავტებს რადიაციისგან დაიცავს

NuScale Power-მა პირველი შეკვეთა უკვე მიიღო. მცირე ზომის ბირთვულ რეაქტორებს აიდაჰოს ეროვნულ ლაბორატორიაში დაამონტაჟებენ. 6 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საერთო ჯამში 12 ასეთი რეაქტორის აგებას ითვალისწინებს, 2030 წელს დასრულდება. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის იქ 13 ჰექტარი ტერიტორიაა გამოყოფილი.

კომენტარები

ბოლო ამბები