Thumbnail

ყველაზე გავრცელებული სიცხის დამწევი წამალი ჩვენს ქცევას ცვლის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ორეგონისა და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პარაცეტამოლი ჩვენს ქცევას ცვლის. პრეპარატი, რომელიც ასევე პანადოლის, ტაილენოლის ან აცეტამინოფენის სახელითაა ცნობილი, ყველაზე გავრცელებულ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებად მიიჩნევა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას შეუძლია, უფრო რისკიანი გაგვხადოს.

ცხვირის ახალი სპრეი თვითმკვლელობაზე ფიქრებს აქრობს

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა კვლევაში მონაწილეობა 545-მა სტუდენტმა მიიღო. მეცნიერებს სურდათ, დაედგინათ, შეცვლიდა თუ არა მათ ქცევას 1,000 მილიგრამი პარაცეტამოლი. ექსპერიმენტის ფარგლებში მოხალისეებს ღილაკზე თითის დაჭერით კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული ბუშტების გაბერვა ევალებოდათ ისე, რომ ისინი არ გაეხეთქათ. ამ გზით მათ ვირტუალური თანხის დაგროვება შეეძლოთ, რომელიც ბუშტის დაზიანებისთანავე ნულდებოდა.

პარაცეტამოლი, რომელიც ასევე პანადოლის, ტაილენოლის ან აცეტამინოფენის სახელითაა ცნობილი, ყველაზე გავრცელებულ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებად მიიჩნევა. 

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პირებს, რომლებიც პარაცეტამოლის მოქმედების ქვეშ იყვნენ, მარცხის ნაკლებად ეშინოდათ და მეტად რისკიანები იყვნენ. მოხალისეთა მეორე ნაწილი კი, რომელმაც მხოლოდ პლაცებო მიიღო, თავშეკავებულობით გამოირჩეოდა და ცდილობდა, ბუშტები არ გაეხეთქა. პარაცეტამოლის ასეთივე ეფექტი გამოკვეთა მკვლევართა მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამაც, რომელშიც ცდისპირებს 7-ქულიანი სისტემით ესა თუ ის ჰიპოთეტური, ხიფათის შემცველი სიტუაცია უნდა შეეფასებინათ. მაგალითად, მანქანის ღვედის გარეშე ტარება, ხიდიდან დამცავი საშუალებების გარეშე გადმოხტომა და სხვა. ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ მედიკამენტმა სტუდენტების მიერ რისკის შეფასებასა და აღქმაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი, შესაძლოა, პრეპარატის მიერ შფოთვის შემცირება იყოს, რაც ადამიანის მიერ გაბედული ნაბიჯების გადადგმას განაპირობებს. ისინი იმედოვნებენ, რომ პარაცეტამოლის ამ უჩვეულო ეფექტის უკეთ შესწავლასა და მის უფრო ღრმა კვლევაში მომდევნო ექსპერიმენტები დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები