Thumbnail

ნახეთ: კომპანიამ Lucid Motors ახალი ელექტრომობილი Lucid Air წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Lucid Motors თავისი ახალი, პრემიუმ კლასის ელექტრომობილი Lucid Air კალიფორნიის შტატში, სილიციუმის ველზე განთავსებული სათავო ოფისიდან ვირტუალურად წარადგინა. მანქანის საბაზისო მოდელის ღირებულება 80 ათასი აშშ დოლარი იქნება და მის შეძენას მსურველები 2022 წლიდან შეძლებენ.

ნახეთ: Lucid Motors-ის ელექტრომობილმა სისწრაფით Tesla-ს მანქანებს გაუსწრო

Lucid Air ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა საერთო სიმძლავრე 1080 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანას 2.5 წამში 96 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ია. ბოლო ტესტირების დროს, მილის მეოთხედი დისტანცია (402 მეტრი) ელექტრომობილმა 9.9 წამში დაფარა, რითიც თავის მთავარ კონკურენტს, Tesla Model S-ს 0.7 წამით, 2020 წელს გამოშვებულ Porsche Taycan Turbo S-ს კი 0.6 წამით აჯობა. 113 კვტ/სთ ტევადობის მქონე ელემენტის ერთი დამუხტვით მანქანა 832 კილომეტრს გაივლის

Lucid Air

ფოტო: Lucid Motors

Lucid Air

ფოტო: Lucid Motors

Lucid Air

ფოტო: Lucid Motors

Lucid Air

ფოტო: Lucid Motors

Lucid Air

ფოტო: Lucid Motors

Lucid Air

ფოტო: Lucid Motors

Lucid Air

ფოტო: Lucid Motors

ახალი ელექტრომობილის მართვის პანელის ფუნქციას საჭის მიღმა განლაგებული 34-დუიმიანი მონიტორი ასრულებს. მეორე დისპლეი კი, რომელიც წინა დაფის ქვედა ნაწილშია განთავსებული, სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობის საშუალებას იძლევა. ავტომანქანა Amazon-ის მიერ შექმნილი ხმოვანი ასისტენტით Alexa იქნება აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც ნავიგაციის კონტროლი, აუდიოსისტემის მართვა, შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა და სხვა მოქმედებების შესრულებაა შესაძლებელი. ელექტრომობილი გამჭირვალე სახურავითაა დაფარული, საიდანაც პანორამული ხედი იშლება და სალონში ბუნებრივი სინათლე შემოდის.

ნახეთ: Volkswagen-მა ახალი ელექტრომობილის ID.4 სურათები გაავრცელა

Lucid Motors საბაზისო მოდელთან ერთად, Lucid Air-ის სამი სხვადასხვა ვერსიის გამოშვებას გეგმავს. Air Touring, რომელიც 95 ათასი აშშ დოლარი ეღირება, ერთი დამუხტვით 653 კილომეტრის გავლას შეძლებს, 620 ცხენის ძალის მქონე ძრავით კი 250 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს.

139 ათასი აშშ დოლარი ღირებულების Air Grand Touring 800 ცხენის ძალის მქონე ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 270 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებას უზრუნველყოფს. საბაზისო მოდელის მსგავსად, ელემენტის ერთი დამუხტვით ისიც 832 კილომეტრს გაივლის.

რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ Air Dream Edition-ს, ეს ელექტრომობილი შეზღუდული რაოდენობით გამოვა. მას 1080 ცხენის ძალის მქონე ძრავი ექნება და ერთი დამუხტვით 810 კილომეტრის დაფარვას შეძლებს. მსურველები მანქანის შეძენას 169 ათას აშშ დოლარად შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები