Thumbnail

ჩინეთი ყვითელ ზღვაში მცურავ კოსმოდრომს აშენებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთში არსებულ კოსმოდრომებს მალე ახალი, წყალზე მცურავი კომპლექსი დაემატება, რომელსაც ქვეყნის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კორპორაცია (CASC) შანდუნის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ხაიანის სანაპიროსთან აშენებს. "სამხრეთის აეროკოსმოსური პორტის" სახელით ცნობილ ნაგებობას, რომელიც ყვითელ ზღვაში განთავსდება, საფრენი აპარატების გასაშვებად, ასევე რაკეტებისა და ხელოვნური თანამგზავრების აწყობისა თუ ტექნიკური მომსახურებისთვის გამოიყენებენ.

ჩინეთი ახალი კოსმოსური სადგურის მშენებლობას გეგმავს

ახალი მობილური სასტარტო კომპლექსის ამოქმედების შემდეგ კოსმოდრომების საერთო რაოდენობა ჩინეთში ხუთამდე გაიზრდება, რაც ქვეყნის კოსმოსურ პროგრამას მოქნილობას შემატებს. საზღვაო პლატფორმა დასახლებული პუნქტებისთვის ზიანის მიყენების რისკებსაც აღმოფხვრის და მოსახლეობას ისეთ შემთხვევებს აარიდებს თავიდან, როგორიც, მაგალითისთვის, მცირე ხნის წინ შანსის პროვინციის სოფელ ლილონგში დაფიქსირდა, როდესაც სკოლის შენობასთან ახლოს რაკეტის Long March 4B პირველი საფეხური ჩამოვარდა.

რაკეტის Long March 11 გაშვება საზღვაო პლატფორმიდან 2019 წელს. 

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში (ძიუციუანი), ჩრდილოეთში (ტაიუანი), სამხრეთსა (ვენჩანი) და სამხრეთ-დასავლეთში (სიჩანი) მდებარე კოსმოდრომებიდან რაკეტების გაშვება ხშირად საფრენი აპარატების ამა თუ იმ ნაწილის ხმელეთზე ჩამოვარდნით სრულდება, რაც თითოეულ ჯერზე უსაფრთხოების უზუნველყოფისა თუ ტერიტორიის გაწმენდისკენ მიმართული მასშტაბური ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ სახელმწიფოში იმედოვნებენ, რომ მცურავი კომპლექსი ამ პრობლემის გადაწყვეტასა და საჰაერო-კოსმოსური ინდუსტრიისა თუ სერვისების კიდევ უფრო მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნახეთ: როგორი იქნებოდა გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთიდან კოსმოსში საფრენი აპარატების გაშვებათა რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი. თუ 2001 წელს ქვეყნის აეროკოსმოსურმა სააგენტომ რაკეტით Long March 2F მხოლოდ ერთი მისია განახორციელა, 2018 წელს რაკეტების Long March 2, 3, 4 და 11 გამოყენებით ამ მაჩვენებელმა 37 შეადგინა. 2020 წელს კი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის კოსმოდრომებიდან უკვე 26 რაკეტა აფრინდა. ფართოვდება გლობალური სატელიტური სანავიგაციო სისტემისთვის BeiDou განკუთვნილი ხელოვნური თანამგზავრების ქსელიც. მიმდინარე წლის ივლისში კი ტექნოლოგიური კომპანია CALT-ის მიერ შექმნილი რაკეტით Long March 5 ქვეყანამ მარსისკენ ავტომატური სადგური გაუშვა. მისიის Tianwen-1 ფარგლებში ზონდი წითელი პლანეტის ზედაპირზე 2021 წლის ზაფხულში დაჯდება და მის ნიადაგს, გეოლოგიურ სტრუქტურას, გარემოსა და ატმოსფეროს შეისწავლის.

კომენტარები

ბოლო ამბები