Thumbnail

ნახეთ: იაპონური ზონდი მარსის მთვარეებს 8K გარჩევადობის კამერით გადაიღებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA), ქვეყნის ნაციონალურ სამაუწყებლო კორპორაციასთან (NHK) თანამშრომლობით, 8K გარჩევადობის მქონე კამერის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მარსსა და მის ორ მთვარეს უპრეცედენტო დეტალურობით აღბეჭდავს.

Super Hi-Vision Camera-ს სახელით ცნობილი ხელსაწყო კიდევ ერთ, 4K გარჩევადობის კამერასთან ერთად, იაპონურ კოსმოსურ ხომალდზე MMX დამონტაჟდება და მარსის თანამგზავრების - ფობოსისა და დეიმოსის მაღალი ხარისხის სურათებს გადაიღებს. მათ ნაწილს ზონდი დედამიწაზე გამოაგზავნის, მთლიან მასალას კი ჩამწერ მოწყობილობაში შეინახავს, რომელიც ჩვენს პლანეტაზე დასაბრუნებლად განკუთვნილ სპეციალურ კაფსულაში მოთავსდება.

 

მაღალი გარჩევადობის კამერების მიერ დაფიქსირებული კადრებისა და კოსმოსური ხომალდის მარშრუტის შესახებ მონაცემების გაერთიანებით იაპონიის კოსმოსური სააგენტო ზონდის გადაადგილების ვიზუალიზაციასაც შექმნის. აღსანიშნავია, რომ მისიის ფარგლებში საფრენი აპარატი წითელი პლანეტის ერთ-ერთ მთვარეზე, ფობოსზე დაეშვება და მისი ზედაპირიდან ნიმუშების აღებას შეეცდება, რომელსაც კაფსულა დედამიწაზე 2029 წლისთვის ჩამოიტანს.

ნახეთ: მსოფლიოში უდიდესმა ციფრულმა კამერამ 3200-მეგაპიქსელიანი ფოტოები გადაიღო

ათზე მეტი ხელსაწყოთი აღჭურვილი კოსმოსური აპარატი მარსისკენ 2024 წელს გაფრინდება. დანიშნულების ადგილამდე, რომელიც ჩვენგან 300 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, ის ერთი წლის შემდეგ მიაღწევს. მისიის მიზანი წითელი პლანეტის თანამგზავრების შესწავლა, მათი ფორმირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ახალი ტექნოლოგიების გამოცდა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები