Thumbnail

ნახეთ: აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძარი კოსმოსიდან

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ატმოსფეროს კვლევითი ინსტიტუტის (CIRA) მეცნიერებმა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის მიერ გადაღებული სურათების გამოყენებით შექმნეს გამოსახულება, რომელიც აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძრის მასშტაბებსა და გავრცელების დინამიკას ასახავს.

გიფი, რომელიც სოციალურ ქსელში მეტეოროლოგმა დაკოტა სმიტმა ატვირთა, ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევების ეროვნული სამმართველოს მიერ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაშვებული სატელიტის, GOES-ის მიერ გადაღებულ ორ სხვადასხვა ვიზუალს აერთიანებს. პირველი კვამლის ღრუბელსა და ხმელეთის ტოპოგრაფიულ სურათს ასახავს, მეორეზე კი ინფრაწითელი კამერის მეშვეობით ხანძრის კერებია დაფიქსირებული. მათი საშუალებით შესაძლებელია ვნახოთ, როგორ ვრცელდება ხანძარი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, მის შედეგად წარმოქმნილი კვამლის მასიური ღრუბელი კი ატმოსფეროში იჭრება.

თანამგზავრ GOES-ის მიერ გადაღებული სურათებით შექმნილი გამოსახულება, რომელიც აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძარის მასშტაბებსა და გავრცელების დინამიკას აჩვენებს. ფოტო: CIRA

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსთვის მიმდინარე წლის ზაფხული განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა. აგვისტოს თვეში კალიფორნიის შტატში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 54.4°C დაფიქსირდა. ექსტრემალურმა სიცხემ ხანძრის ათასობით კერა გააღვივა. სიერას სახელით ცნობილ ტყეში გაჩენილი ცეცხლის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა 14 ათასი მეტრის სიმაღლემდე ააღწია. ძლიერმა ქარმა კი ის სან ფრანცისკოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაავრცელა, რის გამოც დღისთვის უჩვეულო სიბნელე ჩამოწვა და ქალაქს ნარინჯისფერი დაედო.

ნახეთ: სან ფრანცისკოს პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები

ორეგონის შტატის ხელისუფლების განცხადებით, ხანძარმა განსაკუთრებით ქალაქები დეტროიტი, ბლუ რივერი, ვიდა, ფინიქსი და ტალენტი დააზარალა. მათი განმარტებით, იქ 120 ათასზე მეტი ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი. ვაშინგტონის შტატში ცეცხლმა 13 ათასზე მეტი ჰექტარი გაანადგურა, კალიფორნიაში კი ეს ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება. ხანძარმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით მოქალაქეს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.

კომენტარები

ბოლო ამბები