Thumbnail

მეცნიერებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის მტკიცებულებას მიაკვლიეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთის კემბრიჯის, კარდიფისა და მანჩესტერის უნივერსიტეტებში, ლონდონის იმპერიალ კოლეჯში, იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტსა და აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ვენერის ატმოსფეროში ფოსფინის სახელით ცნობილი აირის სპექტრული კვალი აღმოაჩინეს. გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ეს, შესაძლოა, პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე მიუთითებდეს.

კომპანია Rocket Lab ვენერაზე დამოუკიდებელ მისიას 2023 წელს განახორციელებს

ფოსფინი ადამიანისთვის მომწამვლელი უფერო აირია, რომელიც დედამიწაზე სხვადასხვა ქიმიური და ბიოლოგიური პროცესისას გამოიყოფა. მას ხშირად ანაერობული ბაქტერიები ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე ადგილებში, ჭაობებში, ტბების დანალექ ქანებსა თუ ცხოველთა შინაგან ორგანოებში წარმოქმნიან. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისი სხვა პლანეტაზე დაფიქსირება იქ სიცოცხლის სავარაუდო არსებობის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

პლანეტა ვენერა. ფოტო: NASA

მკვლევართა გუნდმა ფოსფინი ვენერის ატმოსფეროში, დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლეზე, ჰავაის კუნძულებზე განლაგებული ჯეიმს კლარკ მაქსველის ტელესკოპისა და ჩილეში მდებარე ინტერფერომეტრის ALMA მეშვეობით აღმოაჩინა. მათი გამოთვლებით, პლანეტის ღრუბლების შემადგენელი ყოველი მილიარდი მოლეკულიდან ოცი სწორედ ამ აირს ეკუთვნის. ციური სხეულისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ პირობებს ფოსფინზე, წესით, გამანადგურებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს ასე არაა. შესაბამისად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ რაღაც იქ აირის მუდმივ გამოყოფას განაპირობებს.

იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის ახალი მტკიცებულება მოიპოვეს

ვენერაზე ფოსფინის წარმოშობის ზუსტი მიზეზის დასახელება სპეციალისტებს ამ დროისთვის უჭირთ. ისინი ამუშავებენ ჰიპოთეზებს, რომელთა მიხედვით, ეს, შესაძლოა, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ გეოლოგიურ პროცესებს, ელვას, მიკრომეტეორიტებს ან ვულკანურ მოვლენებს უკავშირდებოდეს. თუმცა, არსებული მონაცემებით, ვულკანური აქტივობა ვენერაზე მინიმალურია, ელვა კი იქაური ატმოსფეროს პირობებში უმნიშვნელო ოდენობით ფოსფინს წარმოქმნის. აირის ასეთი მაღალი კონცენტრაცია არც პლანეტაზე მეტეორიტების ჩამოვარდნით აიხსნება. ამიტომ, ჯერჯერობით ყველაზე სარწმუნო ვერსიად ციურ სხეულზე ბაქტერიების არსებობა რჩება, რომლებიც, სავარაუდოდ, ვენერის ღრუბლებში ცხოვრობენ და დედამიწაზე მობინადრე უმარტივესი ორგანიზმებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.

მეცნიერები შემდგომი კვლევების ჩატარებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში მზის სისტემის რიგით მეორე პლანეტაზე სათანადოდ აღჭურვილი კოსმოსური ხომალდის გაგზავნას შევძლებთ, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები