Thumbnail

ნახშირბადით მდიდარი ეგზოპლანეტები, შესაძლოა, ალმასებისგან შედგებოდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატების ჩიკაგოსა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ნახშირბადით მდიდარი ეგზოპლანეტები, შესაძლოა, ალმასებისა და სილიციუმის დიოქსიდისგან შედგებოდეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიქმნება ალმასების წვიმა ნეპტუნსა და ურანზე

ცნობილია, რომ ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმირება ერთი და იმავე აირის ღრუბლიდან ხდება, რის გამოც მათი შემადგენლობა ერთმანეთის მსგავსია. ჩვენს მზის სისტემაში ჟანგბადი სჭარბობს, სხვაგან კი ნახშირბადის შემცველობა უფრო დიდია. გამოცემაში The Planetary Science Journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა მოსაზრებით, ამ ქიმიური ელემენტით მდიდარ ეგზოპლანეტებზე, მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, ნახშირბადის ნაერთები - კარბიდები წყალთან ურთიერთქმედებისას შეიძლება, ალმასებად და სილიციუმის დიოქსიდად გარდაიქმნას.

მეცნიერებმა ექსპერიმენტის ფარგლებში სილიციუმის კარბიდის შესაკუმშად სპეციალური კრისტალები გამოიყენეს. ფოტო: Shim/ASU

საკუთარი ჰიპოთეზის მართებულობის დასამტკიცებლად, მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ სილიციუმის კარბიდი წყალში ამოავლეს და სპეციალურ კრისტალებს შორის მოათავსეს, რომლითაც ნიმუში 50 გიგაპასკალამდე წნევით შეკუმშეს, შემდეგ კი ლაზერებით 2500°C ტემპერატურამდე გააცხელეს. შედეგად, ნაერთი სითხესთან რეაქციაში შევიდა და მართლაც ალმასად და სილიციუმის დიოქსიდად გადაიქცა.

სამყაროში, შესაძლოა, უამრავი უხილავი ვარსკვლავი არსებობდეს

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავს ციურ სხეულებზე არსებული გარემო, დიდი ალბათობით, სიცოცხლისთვის თავსებადი ვერ იქნება. ამის მიხედავად, მათ მიაჩნიათ, რომ ახალი მიგნება ეგზოპლანეტების უკეთ შესწავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მომავალში ტელესკოპების მეშვეობით უფრო საფუძვლიანი კვლევების განხორციელებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები