Thumbnail

ნახეთ: არქტიკის უდიდეს შელფურ მყინვარს ყინულის მასა გამოეყო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე არქტიკის უდიდეს შელფურ მყინვარს 79N ყინულის უზარმაზარი მასა გამოეყო, რომლის ფართობმაც 113 კვადრატული კილომეტრი შეადგინა. ევროკავშირის კვლევითი პროგრამის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაგზავნილი ხელოვნური თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს, რომ ის უამრავ მცირე ზომის აისბერგად დანაწევრდა.

კანადაში მდებარე შელფურ მყინვარს უზარმაზარი აისბერგები გამოეყო

დანიისა და გრენლანდიის გეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტისა და გერმანიის ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ზონდის მიერ კოსმოსიდან გადაღებული გამოსახულებები შეისწავლეს და მყინვარის დაშლის დინამიკა მიმოიხილეს. მათი განცხადებით, ეს მოვლენა გრენლანდიაში კლიმატის სწრაფი ცვლილების კიდევ ერთი დადასტურებაა. 1980 წლიდან დღემდე ამ რეგიონში თითქმის 3ºC-ით დათბა, 2019 და 2020 წლებში კი ზაფხულის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

დაახლოებით 80 კილომეტრი სიგრძისა და 20 კილომეტრი სიგანის მყინვარი 79N გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ყინულოვანი ნაკადის წინა, მცურავი ნაწილია, რომელიც ორად იყოფა. ბოლოდროინდელი მოვლენის შედეგად მისი ჩრდილოეთისკენ მიმართული განშტოება დანაწევრდა, რომელიც სპალტეს სახელითაა ცნობილი. ის ჯერ კიდევ 2019 წელს დაზიანდა, 2020 წლის ზაფხულის სიცხემ კი მისი დაშლა გამოიწვია.

თანამგზავრის მიერ გადაღებული სურათი, რომელზეც შელფური მყინვარისგან გამოყოფილი ყინულის მასაა ასახული. ფოტო: ESA

სპალტეს დანაწევრების მიზეზად მეცნიერები მის ზედაპირზე წარმოქმნილ ტბორებს ასახელებენ. მათი განმარტებით, ტემპერატურის მატების გამო ყინულის საფარი დნება და სითხე მყინვარზე გუბეების სახით გროვდება, რაც დროთა განმავლობაში მის ზედაპირზე ნაპრალებს აჩენს. ტემპერატურის კლების შემდეგ ტბორებში წყალი კვლავ იყინება, რაც ყინულის მასაზე ზეწოლას ზრდის და მის დაბზარვას იწვევს.

ამის გარდა, ოკეანოგრაფებმა რეგიონში ზღვის ტემპერატურის მატებაც დააფიქსირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შელფი ქვემოდანაც ლღვება. მათი თქმით, დათბობის ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში 79N გრენლანდიის ყინულოვანი საფარის განადგურების ერთ-ერთი მთავარი კერა გახდება. მყინვარი კუნძულებს ეყრდნობა, რაც ჯერჯერობით გარკვეულ სტაბილურობას უზრუნველყოფს, თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, 10-20 წლის შემდეგ მისი ჩამოშლა გარდაუვალი იქნება.

გრენლანდიაზე 500 მილიარდ ტონაზე მეტი ყინული დადნა

თანამგზავრების მიერ შეგროვებულ მასალაზე დაყრდნობით, 2019 წელს გრენლანდიამ რეკორდული მოცულობის, 530 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. კუნძულზე არსებული მყინვარებიდან მომდინარე წყალი ოკეანეებს შეუერთდა და ზღვის დონის მაჩვენებლის 1.5 მილიმეტრით მატება გამოიწვია. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საუკუნის დასასრულისთვის ეს რიცხვი 1 მეტრამდე გაიზრდება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ზღვისპირა რეგიონებსა და ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულებს დააზარალებს. 3000 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 7 მეტრამდე გაიზარდოს, რის შედეგადაც სანაპირო ზოლის მახლობლად მდებარე ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს ოკეანე დაფარავს.

კომენტარები

ბოლო ამბები