Thumbnail

ნახეთ: Apple-მა ახალი მოწყობილობები და სერვისები წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია Apple-მა 15 სექტემბერს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ახალი სერვისები და მოწყობილობები წარადგინა. მათ შორისაა პლანშეტური კომპიუტერები iPad Air და მერვე თაობის iPad­, ასევე, საათები Apple Watch Series 6 და Apple Watch SE. საზოგადოების დიდი ინტერესისა და მოლოდინის მიუხედავად, ამ სიაში iPhone 12 არ მოხვდა. აღნიშნული სმარტფონის მახასიათებლების გაცნობას, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში შევძლებთ.

ღონისძიებაზე Apple-მა განახლებული ოპერაციული სისტემების - iOS 14, iPadOS 14, watchOS 14, tvOS 14 ოფიციალური გამოშვების თარიღად 16 სექტემბერი დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხმარებლებისთვის ისინი უკვე ხელმისაწვდომია.

Apple-მა საკუთარი მოწყობილობებისთვის ახალი ოპერაციული სისტემები წარადგინა

ახალი iPad Air-ის ეკრანი 10.9 დუიმია. ის უსწრაფესი, 6-ბირთვიანი პროცესორით A14 Bionic არის აღჭურვილი და ოპერაციულ სისტემაზე iPadOS 14 მუშაობს. მოდელის შიდა მეხსიერება 64GB და 256GB-ია, მას 7-მეგაპიქსელიანი სელფის კამერა და 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვს, რომელიც 4K გარჩევადობის გამოსახულების გადაღების საშუალებას იძლევა. პლანშეტური კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერებისა და ელემენტის ტევადობის შესახებ ინფორმაცია კომპანიას არ გაუმჟღავნებია. მოწყობილობა ხუთ სხვადასხვა ფერშია გადაწყვეტილი - ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერში გარდამავალი ვარდისფერი, მწვანე და ცისფერი. iPad Air-ის ღირებულება 599 აშშ დოლარია, ის მსურველებისთვის ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

მერვე თაობის iPad და iPad Air. ფოტო: Apple

მერვე თაობის iPad-ის ეკრანის ზომა 10.2 დუიმია. ის, საბაზისო მოდელის მსგავსად, ოპერაციულ სისტემაზე iPadOS 14 მუშაობს და პროცესორით A12 Bionic არის აღჭურვილი, რომელიც თავის წინამორბედებზე ბევრად მძლავრია. მოწყობილობის შიდა მეხსიერება 32GB და 128GB-ია, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 3GB. პლანშეტურ კომპიუტერს 1.2-მეგაპიქსელიანი სელფის კამერა და 8-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვს. ვერცხლისფერ, ოქროსფერ და ნაცრისფერ ფერებში გადაწყვეტილი მოდელების შეძენას მომხმარებლები 329 აშშ დოლარად 18 სექტემბრიდან შეძლებენ.

Apple-მა iPhone SE სერიის მეორე თაობის სმარტფონი გამოუშვა

Apple Watch Series 6-ის ეკრანის ზომა 40 მილიმეტრია. ის ოპერაციულ სისტემაზე watchOS 7.0 მუშაობს და 2-ბირთვიანი პროცესორით S6 არის აღჭურვილი, რომელიც მის სისწრაფეს განაპირობებს. მისი გაუმჯობესებული ფუნქციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვაა, რისთვისაც მოწყობილობას სულ რაღაც 15 წამი სჭირდება. მისი ფასი 399 აშშ დოლარია. ბიუჯეტური Apple Watch SE-ის ღირებულება კი 279 აშშ დოლარი იქნება. საათები მაღაზიებში 18 სექტემბრიდან გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით, მათ ამიერიდან USB დამტენი აღარ მოყვება.

Apple Watch SE. ფოტო: Apple

რაც შეეხება ახალ სერვისებს, Apple-ს წარმომადგენელთა განცხადებით, რამდენიმე Apple Watch-ის მართვას ახლა უკვე მხოლოდ ერთი iPhone უზრუნველყოფს. Family Setup-ის სახელით ცნობილი ფუნქციით სარგებლობას მეოთხე სერიის ან უფრო ახალი საათების მფლობელები შეძლებენ. ამის გარდა, კომპანია მომხმარებლებს პლატფორმას Fitness+ სთავაზობს. Apple Watch-ის საშუალებით ყოველკვირეულად განახლებადი ფიტნეს-ვიდეოებიდან ნებისმიერის არჩევა და კომპიუტერისა თუ ტელევიზორის ეკრანზე ჩართვა-გამორთვა იქნება შესაძლებელი.

მომხმარებლები კომპანიის ონლაინ სერვისების ნაკრებითაც ისარგებლებენ, რომელიც Apple Music-ს, Apple TV Plus-ს, Apple Arcade-ს, Apple News Plus-სა და Fitness Plus-ს აერთიანებს. სხვადასხვა პაკეტის ღირებულება თვეში 14.95, 19.95 და 29.95 აშშ დოლარი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები