Thumbnail

"როსკოსმოსის" ხელმძღვანელი: ვენერა რუსული პლანეტაა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

რუსეთის კოსმოსური სააგენტო "როსკოსმოსის" გენერალურმა დირექტორმა, დმიტრი როგოზინმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვენერას რუსული პლანეტა უწოდა. მისი თქმით, საბჭოთა წარმოების ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური "ვენერა 7" პირველი და ერთადერთი კოსმოსური აპარატი იყო, რომელიც 1970 წლის 17 აგვისტოს ციური სხეულის ზედაპირზე წარმატებით დაშვა და დედამიწაზე მონაცემების გამოგზავნა შეძლო, რაც რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ვენერის უკეთ შესასწავლად "როსკოსმოსი" იქ უახლოეს მომავალში დამოუკიდებელი მისიის განხორციელებას გეგმავს.

"ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მიზანი ვენერის კვლევების განახლებაა. პირველ რიგში, ამაში პროექტი Venera-D იგულისხმება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით უნდა შემდგარიყო. ჩვენ ასევე დამოუკიდებელ მისიაზეც ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ვენერა რუსული პლანეტაა, ამიტომ არავის უნდა ჩამოვრჩეთ", - განაცხადა როგოზინმა.

რუსეთის კოსმოსური სააგენტო "როსკოსმოსის" გენერალური დირექტორი, დმიტრი როგოზინი. ფოტო: TASS

"როსკოსმოსის" გენერალური დირექტორის განცხადება დიდ ბრიტანეთის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერების მიერ ვენერის ატმოსფეროში ფოსფინის სახელით ცნობილი აირის სპექტრული კვალის აღმოჩენას მოჰყვა, რაც, შესაძლოა, პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე მიუთითებდეს.

ფოსფინი ადამიანისთვის მომწამვლელი უფერო აირია, რომელიც დედამიწაზე სხვადასხვა ქიმიური და ბიოლოგიური პროცესისას გამოიყოფა. მას ხშირად ანაერობული ბაქტერიები ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე ადგილებში, ჭაობებში, ტბების დანალექ ქანებსა თუ ცხოველთა შინაგან ორგანოებში წარმოქმნიან. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისი სხვა პლანეტაზე დაფიქსირება იქ სიცოცხლის სავარაუდო არსებობის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

მეცნიერებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის მტკიცებულებას მიაკვლიეს

მეცნიერთა გუნდმა ფოსფინი ვენერის ატმოსფეროში, დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლეზე, ჰავაის კუნძულებზე განლაგებული ჯეიმს კლარკ მაქსველის ტელესკოპისა და ჩილეში მდებარე ინტერფერომეტრის ALMA მეშვეობით აღმოაჩინა. მათი გამოთვლებით, პლანეტის ღრუბლების შემადგენელი ყოველი მილიარდი მოლეკულიდან ოცი სწორედ ამ აირს ეკუთვნის. ციური სხეულისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ პირობებს ფოსფინზე, წესით, გამანადგურებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს ასე არაა. შესაბამისად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ რაღაც იქ აირის მუდმივ გამოყოფას განაპირობებს.

ვენერაზე ფოსფინის წარმოშობის ზუსტი მიზეზის დასახელება სპეციალისტებს ამ დროისთვის უჭირთ. ისინი ამუშავებენ ჰიპოთეზებს, რომელთა მიხედვით, ეს, შესაძლოა, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ გეოლოგიურ პროცესებს, ელვას, მიკრომეტეორიტებს ან ვულკანურ მოვლენებს უკავშირდებოდეს. თუმცა, არსებული მონაცემებით, ვულკანური აქტივობა ვენერაზე მინიმალურია, ელვა კი იქაური ატმოსფეროს პირობებში უმნიშვნელო ოდენობით ფოსფინს წარმოქმნის. აირის ასეთი მაღალი კონცენტრაცია არც პლანეტაზე მეტეორიტების ჩამოვარდნით აიხსნება. ამიტომ, ჯერჯერობით ყველაზე სარწმუნო ვერსიად ციურ სხეულზე ბაქტერიების არსებობა რჩება, რომლებიც, სავარაუდოდ, ვენერის ღრუბლებში ცხოვრობენ და დედამიწაზე მობინადრე უმარტივესი ორგანიზმებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები