Thumbnail

Sony PlayStation 5-ის ფასი და გამოსვლის თარიღი ცნობილია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონურმა კორპორაციამ Sony ახალი თაობის სათამაშო კონსოლის PlayStation 5 ფასი და გამოსვლის ოფიციალური თარიღი გაასაჯაროვა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აშშ-ში, იაპონიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ კორეაში მცხოვრები მომხმარებლები მის შეძენას 12 ნოემბრიდან 499.99 აშშ დოლარად შეძლებენ. 19 ნოემბრიდან კი მათ დანარჩენი მსოფლიოც შეუერთდება.

PlayStation 5-ის საბაზისო მოდელის გარდა, შედარებით იაფი, მთლიანად ციფრული ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც 4K Blu-ray დისკის წამკითხველის გარეშე იმუშავებს. მისი ღირებულება 399.99 აშშ დოლარითაა განსაზღვრული. ორივე სათამაშო კონსოლის წინასწარი შეკვეთები 17 სექტემბრიდან დაიწყება.

Sony-ის ახალი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation 5

PlayStation 5 შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად დგება. მისი სიმაღლე 390 მილიმეტრია, სიგანე 104 მილიმეტრი, სიღრმე 260 მილიმეტრი, წონა კი - 4.5 კილოგრამი. რაც შეეხება კონსოლის ციფრულ ვერსიას, ის საბაზისო მოდელზე 12 მილიმეტრით უფრო თხელია და 3.9 კილოგრამს იწონის.

ნახეთ: Xbox-ის ახალი სათამაშო კონსოლები ნოემბერში გამოვა

კონსოლის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ კიდევ გაზაფხულიდანაა ცნობილი. ის 8-ბირთვიანი პროცესორით AMD Zen 2 და 10,28 ტერაფლოპსი სიმძლავრის ვიდეობარათით AMD RDNA 2 არის აღჭურვილი. ახალი GDDR6 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება 16GB იქნება, მყარი დისკი კი 825GB-იანი SSD, რომლის წარმადობაც წამში 5,5-დან 9 გიგაბაიტამდეა. ეს მონაცემების მოკლე დროში ჩატვირთვასა და დიდი მოცულობის ინფორმაციის მარტივად დამუშავებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ახალი მოწყობილობა PlayStation 4-ზე დაახლობით 20-ჯერ სწრაფია.

Sony Playstation 5-ს 8K გრაფიკისა და სამგანზომილებიანი აუდიოჟღერადობის მხარდაჭერა ექნება. მას სხვადასხვა აქსესუარიც მოჰყვება, როგორიცაა, მაგალითად, უსადენო კონტროლერი DualSense, რომელიც ტაქტილური ტექნოლოგიისა და ღილაკებში განთავსებული სასხლეტების მეშვეობით ვირტუალური რეალობის შეგრძნებას ამძაფრებს. უსადენო ყურსასმენები გარე ხმაურის ჩახშობის სისტემითაა აღჭურვილი, 1080p გარჩევადობის კამერით კი თამაშის პროცესის გადაღება და პირდაპირ ეთერში გაშვებაა შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები