Thumbnail

ნახეთ: მალაიზიელმა მამაკაცმა სმარტფონში მაიმუნის სელფები აღმოაჩინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მალაიზიაში, მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჯოჰორის შტატში მცხოვრებმა მამაკაცმა დაკარგული სმარტფონის პოვნის შემდეგ, მასში მაიმუნის სელფები და ვიდეოები აღმოაჩინა. ცხოველის სურათები მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც მომხმარებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნახეთ: ველური ბუნების სასაცილო ფოტოსურათების კონკურსის ფინალისტები

20 წლის სტუდენტმა, ზაკრიძ როძიმ სმარტფონის დაკარგვის შესახებ 12 სექტემბრის დილას შეიტყო, როდესაც ახალგაღვიძებულმა მას ვერსად მიაგნო. ახალგაზრდა მამაკაცის განცხადებით, მას თავდაპირველად ეგონა, რომ გაქურდეს, თუმცა სახლიდან სხვა არაფერი იყო წაღებული. საბოლოოდ, ტელეფონს მან ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ოჯახის წევრების დახმარებით, საცხოვრებელ სახლის სიახლოვეს მდებარე ჯუნგლებში მიაკვლია.

პრიმატის მიერ გადაღებულ სელფებს ნოძი მოგვიანებით, პალმის ხის ძირას აღმოჩენილი სმარტფონის წმენდისას გადააწყდა. გალერეაში მას უამრავი ახალი ფოტოსურათი დახვდა, რომელზეც თავად ცხოველი ან მცენარეები იყო აღბეჭდილი. განსაკუთრებული ყურადღება კი სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ დაიმსახურა, რომელშიც კარგად ჩანს, როგორ ცდილობს მაიმუნი ტელეფონის შეჭმას.

ზაკრიძ როძი აღნიშნავს, რომ სხვა ურბანული დასახლებებისგან განსხვავებით, რომლებთან ახლოსაც მაიმუნები ბინადრობენ, ჯოჰორში პრიმატის მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების სახლიდან რაიმე ნივთის მოპარვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. სტუდენტი მის თავს გადამხდარ ამბავს გამონაკლისად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მსგავსი მოვლენის მომსწრენი, შესაძლოა, მხოლოდ საუკუნეში ერთხელ გავხდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები