Thumbnail

ნახეთ: კოსმოსიდან ერთდროულად მოქმედი 5 ციკლონი გადაიღეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევების ეროვნული სამმართველოს მიერ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაშვებულმა სატელიტმა GOES ატლანტიკაში ერთდროულად მოქმედი ხუთი ტროპიკული ციკლონი გადაიღო. ქვეყნის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, მსგავსი მოვლენა ატლანტის ოკეანის, კარიბის ზღვისა და მექსიკის ყურის აუზში ბოლოს 1971 წლის სექტემბერში დააფიქსირეს.

კოსმოსური ზონდის მიერ გადაღებულ სურათებზე მწვანე კონცხის კუნძულების მახლობლად რენეს სახელით ცნობილი ციკლონის წარმოქმნის პროცესთან ერთად, ტროპიკული შტორმები ტედი და ვიკი, ასევე ქარიშხლები სალი და პაულეტია აღბეჭდილი.

დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის მიერ გადაღებული ერთდროულად ხუთი ციკლონი. ფოტო: NOAA

მეორე კატეგორიის ქარიშხალი სალი, რომლისგანაც ყველაზე დიდ ზიანია მოსალოდნელი, ამჟამად ლუიზიანისა და მისისიპის შტატების გასწვრივ 160 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. მანამდე მან ალაბამის შტატის სანაპიროსთან წყლის ადიდება და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია. ქარიშხალი პაულეტი ბერმუდის კუნძულების ჩრდილო-აღმოსავლეთით 137 კმ/სთ სიჩქარით მიემართება, ტროპიკული შტორმი ტედი კი მცირე ანტილის კუნძულების სიახლოვეს 96 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. რაც შეეხება ყველაზე სუსტ ციკლონ ვიკის, რომელიც რენეს მსგავსად მწვანე კონცხის კუნძულების სიახლოვეს მდებარეობს, მის ჩაწყნარებას მეტეოროლოგები რამდენიმე დღეში ელიან.

► ნახეთ: აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძარი კოსმოსიდან

მეცნიერები ტროპიკული ციკლონების რაოდენობის ზრდას კლიმატის ცვლილებას და ამის შედეგად ატლანტის ოკეანის აუზში წყლისა და ჰაერის დათბობას უკავშირებენ. წყლის მაღალი ტემპერატურა ზღვის დონის მატებასაც განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, შტორმის დროს სანაპიროების დატბორვის რისკს ზრდის. გამთბარ ჰაერში კი მეტი წლის ორთქლი გროვდება, რაც ტროპიკული შტორმების გაძლიერებას უწყობს ხელს. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, უკანასკნელი 40 წლის მონაცემებით, შედარებით სუსტი შტორმის ქარიშხლად გადაქცევის შანსები თითოეული ათწლეულის განმავლობაში სულ მცირე 8 პროცენტით იზრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები