Thumbnail

2020 წლის ზაფხული ჩრდ. ნახევარსფეროსთვის ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა სააგენტომ (NOAA) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტო დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხულის თვეები იყო.

სპეციალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მსოფლიო ტემპერატურის ცვლილების სტატისტიკას ეფუძნება, რომლის აღრიცხვაც 1880 წლიდან დაიწყო. გამოთვლებმა აჩვენა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ეკვატორიდან ჩრდილოეთით ტემპერატურა საშუალოზე 1,17°C-ით მაღალი იყო, რაც 2016 და 2019 წლებში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებზე მეტია. ამასთანავე, სამხრეთ ნახევარსფეროს გათვალისწინებით, 2020 წლის ივნისიდან აგვისტომდე დროის პერიოდი ისტორიაში რიგით მესამე ყველაზე ცხელ ზაფხულად მიიჩნევა.

რუკაზე წითლად მონიშნული რეგიონებისთვის 2020 წლის ივნისიდან აგვისტომდე დროის პერიოდში დაფიქსირებული ტემპერატურა რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა. ფოტო: NOAA

წინა წლებთან შედარებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის საშუალოზე 1,19°C-ით ცხელი იყო მიმდინარე წლის აგვისტოც. ჩრდილოეთ ამერიკაში ტემპერატურა საშუალო ნიშნულს 1,52°C-ით გადასცდა. რეკორდული სიცხე დაფიქსირდა სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე მოჰავეს უდაბნოში, სადაც სიკვდილის ველის სახელით ცნობილ ეროვნულ ნაკრძალში აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ დამონტაჟებულმა თერმომეტრმა 54.4°C აჩვენა.

ექსტრემალურმა სიცხემ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ხანძრის ათასობით კერა გააღვივა. კალიფორნიის ტყეებში გაჩენილი ცეცხლის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა 14 ათასი მეტრის სიმაღლემდე ააღწია. ძლიერმა ქარმა კი ის სან ფრანცისკოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაავრცელა, რის გამოც დღისთვის უჩვეულო სიბნელე ჩამოწვა და ქალაქს ნარინჯისფერი დაედო.

რუკაზე წითლად მონიშნული რეგიონებისთვის 2020 წლის აგვისტოში დაფიქსირებული ტემპერატურა რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა. ფოტო: NOAA

2020 წლის ზაფხულის ბოლო თვე ევროპისა და კარიბის ზღვის აუზისთვის რიგით მესამე, სამხრეთ ამერიკისა და ოკეანეთისთვის კი - მეოთხე ყველაზე ცხელი აგვისტო აღმოჩნდა. საშუალოზე სულ მცირე 1,5°C-ით მაღალი იყო ტემპერატურა ასევე აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რუსეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, დასავლეთ ავსტრალიაში, ანტარქტიკის დასავლეთით, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთითა და ბერინგის ზღვის მიმდებარედ. რეკორდული სიცხის შედეგად საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ყინულის საფარის დნობის ტემპებმა არქტიკაში.

მომდევნო 5 წელიწადში საშუალო წლიური ტემპერატურა 1°C-ით გაიზრდება

აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წლის საშუალო ტემპერატურა 2016 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მხოლოდ 0,05°C-ით ჩამორჩება. სპეციალისტების პროგნოზით, იმის ალბათობა, რომ მიმდინარე წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნება, 74.67 პროცენტია. ყველაზე ცხელი წლების ხუთეულში მისი მოხვედრის შანსი 99.94, ხოლო ათეულში - 99.99 პროცენტს უდრის.

კომენტარები

ბოლო ამბები