Thumbnail

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა იუპიტერის ახალი სურათი გადაიღო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) იუპიტერის ახალი სურათი გაავრცელა. გამოსახულება, რომელიც პლანეტაზე მოქმედ შტორმებს ასახავს, დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ჰაბლის ტელესკოპმა გადაიღო.

ნახე, რა გადაიღო ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შენს დაბადების დღეს

ხელოვნურმა თანამგზავრმა იუპიტერი ფოტოზე მაშინ აღბეჭდა, როდესაც ის დედამიწიდან 653 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. გამოსახულება პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახალი მუდმივი ანტიციკლონური შტორმის წარმოქმნის პროცესს გვიჩვენებს. თეთრი ფერის ქარიშხალი, რომელიც 560 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ასტრონომებმა პირველად მიმდინარე წლის 18 აგვისტოს შენიშნეს.

ჰაბლის ტელესკოპის მიერ ულტრაიისფერ, ინფრაწითელ და ხილულ სპექტრში გადაღებული იუპიტერის გამოსახულება. ფოტო: NASA

ჰაბლის ტელესკოპის მიერ გადაღებულ სურათზე იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროში მოქმედი მუდმივი ანტიციკოლონური შტორმი, დიდი წითელი ლაქაც არის აღბეჭდილი. მისი ცენტრალური ნაწილი შედარებით ღია, კიდეები კი მუქი ფერისაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქარიშხალი პლანეტაზე სულ ცოტა 350 წლის წინ გაჩნდა. ამჟამად ის 15 ათასზე მეტ კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც დედამიწის დიამეტრს დაახლოებით 3 ათასი კილომეტრით აღემატება.

დიდი წითელი ლაქის ქვემოთ NASA-ს მიერ გავრცელებულ სურათზე 1990-იან წლებში წარმოქმნილი, ოვალი BA-ის სახელით ცნობილი ქარიშხალი მოჩანს. მცირე წითელმა ლაქამ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, უკანასკნელ წლებში გაუფერულების შემდეგ, კვლავ გამუქება დაიწყო და ასტრონომთა ვარაუდით, გარკვეულ დროში მეზობლად მდებარე ანტიციკლონური შტორმის მსგავს ფერს აღიდგენს.

მზის სისტემის პლანეტების პირველი კოსმოსური ფოტოსურათები

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ ჰაბლის ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვა. მან უკვე 1,4 მილიონზე მეტი ვარსკვლავი შეისწავლა და ფუნქციონირებას დღემდე წარმატებით განაგრძობს. მსოფლიოში პირველ კოსმოსურ ტელესკოპს, რომელიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 27 ათასი კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ობიექტების დაფიქსირება შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები